ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება კომუნიკაციების კომისიამ კიდევ 200-მდე მოზარდს „Happy Onlife”-ის აპლიკაციით ასწავლა
ინტერნეტის უსაფრთხო დღესთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლის მოსწავლეებს ტრენინგები ჩაუტარა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრენერმა მოსწავლეებს ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული აპლიკაცია “Happy Onlife” გააცნო. III და IV კლასის 200-მდე მოსწავლემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ისწავლა. აპლიკაციის დახმარებით მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ყველა წესი, რომელიც მათ ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციისთვის სჭირდებათ და რომელიც მათ კიბერბულინგისგან დაიცავთ. კომუნიკაციების კომისია ინტერნეტის უსაფრთხო დღის მსოფლიო ინიციატივას ყოველწლიურად უერთდება.
“Happy Onlife” ეს არის ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, ბავშვებმა თამაშით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლობიანი გამოყენება, ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი.
„Happy Onlife”, რომელიც ევროკავშირის 9 ქვეყანაში წარმატებულ აპლიკაციადაა აღიარებული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვას ისინი კიბერბულინგისგან. “Happy Onlife” მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პროექტადაა მიჩნეული, ადაპტირებული და ხელმისაწვდომია 9 ენაზე. კომუნიკაციების კომისიამ “Happy Onlife” აპლიკაციის ადაპტირებული ვერსია შექმნა და ქართულ ენაზე თარგმნა, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია, როგორც iOS, ისე Android სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე. საქართველო ყოველწლიურად უერთდება მსოფლიო ინიციატივას – „უსაფრთხო ინტერნეტის დღის” აღნიშვნას (Safer Internet Day – SID), რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას ბავშვებისა და მოზარდების, ახალგაზრდებისა და მშობლების მიერ ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით.
კომუნიკაციების კომისია, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყება, ყოველწლიურად მართავს სხვადასხვა ღონისძიებას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამიზნე ჯგუფებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას, – აღნიშნულია ინფორმაციაში.