საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, თუ დადგინდა, რომ მოქალაქეებმა ზედმეტი თანხა გადაიხადეს, ეს დაკორექტირდება და მომდევნო თვის გადასახდელების ანგარიშზე დაჯდება.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიმდებიან.
“იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ეს დაუკორექტირდებათ აბონენტებს და ზედმეტად გადახდილი თანხები დაუჯდებათ მომდევნო გადასახდელების ანგარიშში და გაექვითებათ და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება კომპანიებისთვის გაორმაგებული მოცულობით დაჯარიმების შესახებ, ვინაიდან, გასულ წელს, არასწორი დარიცხვების გამო, ჩვენ ორივე კომპანია დაჯარიმებული გვყავს,“ – ამბობს დავით ნარმანია.
ცნობისთვის, “თელმიკოსა” და “თელასის” შემოწმებას სემეკის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი მომდევნო კვირიდან დაიწყებს.