თინა ბოკუჩავა: ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებია 79-ჯერ, არა ერთხელ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არამედ – 79-ჯერ
“რამდენჯერ არის ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში რუსეთი ნახსენები? თქვენ მიერ შემოთავაზებული ტექსტი მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას არ გაეცანით”, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრ გიორგი ხელაშვილს, რომელმაც დეპუტატებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია წარუდგინა.
ბოკუჩავა ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტის პათოსის შენარჩუნება და საქართველოს პარლამენტის მიერ მისი გაზიარება კარგი იქნებოდა.
„როდესაც რეზოლუციის ტექსტზე შეჯერების მცდელობა გვქონდა და ოპოზიციის ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ ერთობლივი ტექსტი შეემუშავებინა, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში დავაყენეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, მისი შინაარსის განხილვა, პათოსის შენარჩუნება და გაზიარება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. რამდენჯერ არის ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში რუსეთი ნახსენები? თქვენ მიერ შემოთავაზებული ტექსტი მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას არ გაეცანით, ამიტომ, შემიძლია, დაგეხმაროთ – ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებია 79-ჯერ. არა ერთხელ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არამედ – 79-ჯერ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.