ვახტანგ ძაბირაძე: მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთ ქვაბში იხარშება – პრობლემებზე არავინ ფიქრობს
ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგს, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას – გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აფასებს.
მისი თქმით, მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთ ქვაბში იხარშება – ერთნი იბრძვიან ხელისუფლების როგორმე შესანარჩუნებლად, მეორენი კი როგორმე მის მოსაპოვებლად, პრობლემებზე კი არავინ ფიქრობს.
“რაღა დაგიმალოთ და, ჩვენი პოლიტიკური ელიტის ბოლოდროინდელი მოქმედებების გათვალისწინებით კიდევ კარგი რეიტინგებია. მე უარესსაც ველოდი. კატასტროფულია შედეგები, მაგრამ უკეთესი რატომ იქნებოდა ვითომ? მოყოლებული საპარლამენტო არჩევნებიდან, ოპოზიციის მთავარი თემა იყო ერთი – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა იმ მოტივით, რომ 2020 წელს არჩევნები გაყალბდა. სხვა მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ოპოზიციამ გაახმაურა და რისთვისაც იბრძოლა, არ მახსენდება. ოქტომბრიდან ამას დაემატა მეორე თემა – მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და დაპატიმრება. შედეგად, ოპოზიციას გაუჩნდა ახალი მოთხოვნა და მიზანი: მისი ციხიდან დახსნა. ეს ორი საკითხია კვლავაც ოპოზიციისთვის მთავარი. გეკითხებით, ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას, გარდა პარტიული ელიტის ან მასთან დაახლოებული წრისა, აინტერესებს ეს თემები? არა და არა, ჩვენს საზოგადოებას აქვს სულ სხვა პრობლემები, ოპოზიცია კი ორი წელიწადია სულ სხვა რამეს ლაპარაკობს და აკეთებს. ეს შეეხება ოპოზიციურ მედიასაც, რომელიც მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და იმის იქით ვერაფერს ხედავს. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გამართვა გადაწყვიტა, მეც და სხვა პოლიტიკის ანალიტიკოსებიც ვამბობდით, რომ ოპოზიციას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, ერთ ქვაბში რომ არ მოხარშულიყო. ვგულისხმობ, წვრილ პარტიებს, რომელთაც 2020 წლის არჩევნებმა შანსი მისცა, მაგრამ თვითონ ყველაფერი გააკეთეს, რომ საზოგადოების თვალში ქცეულიყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” დანამატად. ამიტომაც გაქრნენ ამ გამოკითხვიდან.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, აქაც იგივე ხდება. თუ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შევაფასებთ, იბადება კითხვა, რატომ უნდა ჰქონდეს ამაზე მაღალი რეიტინგი? რა შესთავაზა ბოლო ხანს საზოგადოებას ისეთი, რაც პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს მოსახლეობას მცირედით მაინც მოუგვარებდა? – აბსოლუტურად არაფერი.
“ქართულმა ოცნებამ” მოახერხა და დარჩა ხელისუფლებაში, დარჩა ისევ იმ მუქარის საფუძველზე, მე თუ არ ვიქნები, მოვა “ნაციონალური მოძრაობა” და იმაზე უარესად იქნებით, ვიდრე დღეს ხართო, ანუ მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთ ქვაბში იხარშება – ერთნი ხელისუფლების როგორმე შესანარჩუნებლად, მეორენი კი როგორმე მის მოსაპოვებლად. პრობლემებზე არავინ ფიქრობს. ვიმეორებ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს შედეგები კიდევ უკეთესია.
თუ უფრო ღრმად შევეცდებით იმის გაანალიზებას, თუ ვინ არიან “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, მარტივად მივალთ დასკვნამდე: “ქართული ოცნების” მხარდამჭერ 24%-ს, ძირითადად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული რესურსი და ბიზნესის ის ნაწილი, რომელიც დაფინანსებას სახელმწიფო ტენდერებიდან თუ სხვა გზებით იოლად იღებს, რადგან “ქართულ ოცნებასთან” დალაგებული ურთიერთობა აქვთ. “ნაციონალური მოძრაობის” 9%-ს კი შეადგენს ასევე ყოფილი ადმინისტრაციული რესურსის ნაწილი, რომელიც თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, და ბიზნესის ის ნაწილი, რომელმაც “ოცნების” ხელისუფლებასთან ვერ დაალაგა საქმე. სამწუხაროდ, ლაპარაკობენ ერთს და იქცევიან ისევ ისე, როგორც აქამდე იქცეოდნენ. მაგალითად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღემდე ვერ გადაწყვიტა, შევიდეს თუ არა პარლამენტში. თუ სააკაშვილს მოვუსმენთ, თურმე ამ რეიტინგებმა აჩვენა, რომ საკმარისია აქციები დაიწყოს და ხელისუფლება ჩამოიშლება. ეს შეფასება კატასტროფული და ყოვლად არაადეკვატურია. ხელისუფლებას, ამ გაუბედურებულ რეიტინგშიც კი, თითქმის სამჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას”. მელიას სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მაინც სრულიად გაუგებარია ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები. სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ და გააანალიზონ, რამ განაპირობა ეს შედეგები, რატომ დაკარგეს მოსახლეობის მხარდაჭერა და დასკვნა გამოიტანონ. ლაპარაკი, ერთმანეთის კრიტიკა თუ თვითკრიტიკა გასაგებია, მაგრამ ახლა სტრატეგიის შემუშავება და ქმედებაა საჭირო. არასდროს მითქვამს, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ქუჩის პროტესტი არ უნდა გამოიყენო, მაგრამ მხოლოდ ქუჩით შედეგის მიღწევა არ გამოდის, მით უფრო, რომ საზოგადოებას არ სჯერა ქართული ოპოზიციის, არ გადის მის დაძახილზე ქუჩაში, ამიტომ ყველა ინსტრუმენტია გამოსაყენებელი. ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ – როდესაც შედიხარ პარლამენტში, პარლამენტში ქუჩა არ უნდა გადაიტანო, იქ საპარლამენტო წესებით უნდა იბრძოლო. თუ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ინტელექტუალურად, სწორი პოზიციით და ასე შემდეგ გაცილებით ძლიერია, ვიდრე სახელისუფლებო გუნდი, მაშინ ეს უნდა აჩვენოს პარლამენტში. აქაც ზომიერებაა აუცილებელი – თუ ძლიერია ოპოზიცია, მან უნდა აიძულოს ხელისუფლება დაუშვას შეცდომები და მერე ეს გამოიყენოს. მაგრამ, როცა ოპოზიცია ხელისუფლებაზე მეტ შეცდომას უშვებს, რაზეა საერთოდ ლაპარაკი. საბოლოოდ კი შექმნილი ვითარებით ზიანდება ქვეყანა, რადგან სუსტი ოპოზიცია ნიშნავს ხელისუფლების სუსტ კონტროლს, რაც სახელისუფლებო გუნდისგან მცდარი ნაბიჯების გადადგმის საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის.
პატარა ოპოზიციური პარტიები კი, ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდნენ, რა უნდათ, ან უნდა ადგნენ და შეუერთდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც შესაძლოა გამოსავალიც იყოს, ან ჩამოშორდნენ და მათი დღის წესრიგით აღარ იმოქმედონ. მოსახლეობამ უნდა დაიჯეროს, რომ ესა თუ ის პარტია “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებული ჯგუფია.არის კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა, რაც ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს – კერძოდ, პოლარიზაცია არა პოლიტიკურ ძალებს, არამედ პოლიტიკურ მედიას შორის. ვფიქრობ, საერთოდ აცდენილია რეალობას ის, რასაც დღეს სატელევიზიო მედიის დიდი ნაწილი წარმოადგენს. ერთი მხრივ, არიან ოპოზიციური არხები, რომლებიც ქვეყნიერების დასასრულს გვიჩვენებენ ყოველდღე. ამ არხებზე ყველაფერი წაშლილია, ყველა თემა უმნიშვნელოა ხელისუფლების გინების გარდა, და არიან სახელისუფლებო არხები, რომლებიც სამოთხედ წარმოადგენენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და აგინებენ ოპოზიციას. ეს როდემდე შეიძლება გაგრძელდეს, არ ვიცი. არც ერთი და არც მეორე მხარე რეალობის მიზანმიმართულ გამრუდებას არ ერიდება. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დაინახონ, რომ პოლიტიკური თემების ინტერესი ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს დაკარგული აქვს, რასაც უფრო ამძაფრებს პოლარიზებული მედია, ეს კი ყველაზე მეტად აძლევს ხელს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს სახელისუფლებო ბერკეტი”,- აცხადებს ძაბირაძე.