“ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად ფუნდამენტური პრინციპების დაცვა რჩება” – სახელმწიფო ინსპექტორი განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორი განცხადებას ავრცელებს. როგორც ლონდა თოლორაიას განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა რჩება.

თოლორაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა თითქმის სრულად ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე იარსება, ამ დროის განმავლობაში მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომელმაც საქართველოს ყველა კუთხე მოიცვა.

„28 იანვარი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც ევროპის საბჭოს ინიციატივით მსოფლიოში 2006 წლიდან აღინიშნება. ეს დღე არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ საკუთარი, თუ სხვა ადამიანების პირადი მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების პროცესში თითოეული ჩვენგანის როლსა და პასუხისმგებლობაზე.

საქართველოში მონაცემთა დაცვის სფეროში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა რჩება. 2021 წელს, სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების არაერთი მძიმე პრეცედენტი: გავრცელდა ათასობით ფაილი, რომელიც სავარაუდოდ სხვისი პირადი კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა; ადამიანების დისკრედიტაციის მიზნით ვნახეთ პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროების ფაქტები; ჩვენ ვნახეთ სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ დოკუმენტები და მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო მხოლოდ საჯარო ან კერძო დაწესებულებებისთვის; ჩვენ ვნახეთ პერსონალური მონაცემების გავრცელებით გამოწვეული მძიმე შედეგები – ტრავმა ოჯახის წევრებისთვის, არასრულწლოვანი შვილებისთვის და ა. შ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენ ვერ შევძელით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღება, რომლითაც გავზრდიდით საჯარო და კერძო სექტორის პასუხისმგებლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში და ამ მიმართულებით გადავდგამდით ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ასევე, ვერ შევძელით ვყოფილიყავით განვითარებულ ქვეყნებს შორის და ხელი მოგვეწერა პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ 108+ კონვენციისთვის, რომლითაც გამოვხატავდით მზაობას საქართველოში მონაცემთა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაზე, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების რეალიზებაზე და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციაზე საქმიანობის პერიოდში ჩემთვის პრიორიტეტი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 2021 წელს შევქმენით ინსტრუმენტი, რომლითაც ყოველ წელს უნდა გაგვეზომა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუმჯობესების მდგომარეობა და ამის საფუძველზე დაგვეგეგმა ყოველი მომდევნო წელი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა თითქმის სრულად ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე იარსება, მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით განვახორციელეთ ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ბევრი მასშტაბური პროექტი, რომლებმაც მოიცვა საქართველოს ყველა კუთხე – საქართველოს ყველა რეგიონში შევარჩიეთ სტუდენტები ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩებად“, რომლებმაც ათობით ცნობიერების ამაღლების კამპანია დაგეგმეს; ჩავატარეთ არაერთი სტუდენტური ფორუმი და კონფერენცია; დავაორგანიზეთ კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის; შევხვდით საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს; შევიმუშავეთ რეკომენდაციები სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის; დავიწყეთ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოტანილი თემატური გადაწყვეტილებების კრებულების გამოცემა; დავნერგეთ დისტანციური სწავლების კურსი ყველა დაინტერესებული პირისთვის; ჩავატარეთ ათეულობით ტრენინგი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ა.შ.

28 იანვარი არის დღე, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება აერთიანებს ძალისხმევას ამაღლდეს ცნობიერება პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე. ამ დღეს ევროპის საბჭოს ქვეყნების მთავრობები, პარლამენტები, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები და მონაცემთა დაცვით დაინტერესებული სხვა ორგანოები გეგმავენ ღონისძიებებს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის ჩვენ გვჭირდება: ძალთა გაერთიანება ამ სფეროში; გამართული და ქმედითი კანონმდებლობა; მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა მონაცემთა დაცვის პრიორიტეტულობის შესახებ; საჯარო და კერძო სექტორის პასუხისმგებლობის გაზრდა; საზოგადოების ცნობიერების მაღალი დონე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფრო მაღალი კულტურა, რომელიც სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემასა და მონაცემთა დაცვაზე, ასევე, მონაცემთა არაკანონიერი გამოყენების (გავრცელების) მძიმე შედეგებზე დაგვაფიქრებს არა მხოლოდ მაშინ, როცა ის ჩვენ შეგვეხო, არამედ მაშინაც როდესაც საქმე სხვისი უფლებების დაცვას ეხება – განურჩევლად სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა ნიშნისა; ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტებით და იქნება ხელშეუხებელი.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პირს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვს პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საქმეში. ამასთან, მივმართო ყველა საჯარო უწყების, კერძო დაწესებულების, მედიის წარმომადგენელს და საზოგადოების წევრებს – თითოეული მონაცემის უკან დაინახეთ ადამიანი, არც ერთ ეტაპზე შევწყვიტოთ ზრუნვა ადამიანის უფლებებზე და გააკეთეთ თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რაც მონაცემების არაკანონიერ გამოყენებას ან/და გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს”, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები