წაროს ნასოფლარს ხანძრის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მას შემდეგ, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის – წაროს ნასოფლარის ტერიტორიაზე მცენარეულ საფარს ცეცხლი გაუჩნდა და სოფლის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები თუშეთში ჩავიდნენ და ნასოფლარის მდგომარეობას გაეცნენ.
სპეციალისტების შეფასებით, მხოლოდ მცენარეული საფარი დაიწვა და ცეცხლს ძეგლისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია, რადგან ნასოფლარში არსებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები ნაგებია ფიქალის ქვითა და შენების მშრალი მეთოდით.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტების საბოლოო შეფასება მალე გახდება ცნობილი, რის შემდეგაც დაზუსტდება სააგენტოს მიერ დამატებითი ღონისძიებების ჩატარების საკითხი.