5 ღირსშესანიშნავი ადგილი კოჯორში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

1. ქოროღლის ციხე, რომელიც კოჯრის სამხრეთით 2 კმ–ზე, აზეულას მთაზე მდებარეობს. კოჯრის ციხიდან დიდი სივრცეები და ულამაზესი ხედები იშლება. ეს შესანიშნავი ადგილია პიკნიკისთვის, განტვირთვისთვის, ასევე ბუნებაში მშვიდი დასვენებისთვის.

კოჯრის ციხე XV საუკუნემდე აგარათა ციხის სახელით მოიხსენიებოდა. ცნობილია, რომ ტაბახმელას, წავკისს, შინდისს და კოჯორს ძველად აგარაები ერქვა. ამ აგარაებზე მნიშვნელოვანი საქარავნო გზა გადიოდა და სწორედ ამ გზათა გასაყარზე აშენდა ციხე. მას დღეს ქოროღლის ციხის სახელწოდებით იცნობენ. ეს სახელწოდება XVIII საუკუნიდან დამკვიდრდა. XVIII საუკუნის ცნობილი გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი კი კოჯრის ციხეს აზეულას უწოდებდა.

2. უძოს მთა, რომელიც თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების მთაწმინდის ქედის თხემზე მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1416 მეტრია. მთაზე დგას წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. ირგვლივ ხშირი და ულამაზესი ტყე, ასევე გაშლილი სივრცეებია.

უძოს წმ. გიორგის სახელობის შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, ლეგენდის მიხედვით, უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია და წმინდა გიორგის შეხვეწნია, შვილი მომეციო. მისი ნატვრა ასრულებულა და ამის შემდეგ აქ სალოცავად მოდიოდნენ უშვილო ქალები. მოსალოცად ამოსული ადამიანები შესაწირს ერთ ხეზე ტოვებდნენ (ამ ხეს დღესაც ნატვრის ხეს ეძახიან). სიტყვა უძეოდან მთას და ეკლესიასაც უძო ეწოდა. აღდგომის მომდევნო სამშაბათ დღეს უძოობის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულზე ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა იკრიბება.

3. კოჯრის პარკი, რომელიც იუნკერების ქუჩაზე, კურორტის ცენტრში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ სკვერის ტერიტორია ახლებურად დაგეგმარდა და სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა.

აქ დღეს გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცეა, ფიტნეს და საბავშვო გასართობი ზონები – სხვადასხვა ატრაქციონი, მათ შორის, ადაპტირებული საქანელა შშმ პირებისთვის. რეაბილიტირდა სკვერში მდებარე მინი სპორტული მოედანიც, ღია სცენაც, სადაც ხშირად იმართება კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობებს და ქართველი პოეტისა და სამხედრო მოღვაწის, გრიგოლ ორბელიანის მონუმენტსაც.

4. ვორონცოვების სასახლე – ისტორიული მნიშვნელობის შენობა, რომელიც კოჯრის ცენტრში, პარკის გვერდზე მდებარეობს. 1850-იან წლებში ის წარმოადგენდა საქართველოს ვიცე-მმართველის – მიხეილ ვორონცოვის საზაფხულო რეზიდენციას.

სასტუმროს სამეფო ბაღი გაშენებულია 10 000 მ2-ზე, რომელსაც ამშვენებს 150-წლოვანი ძველი ნარგავები და ხეები. დღეს აქ სასტუმრო, კოტეჯები, რესტორანი და კაფე-ბარი მდებარეობს. ტერიტორიაზე მოწყობილია გასართობი და დასასვენებელი სივრცეებიც.

5. თუ თბილისთან ახლოს სალაშქრო მარშრუტს ეძებთ, მაშინ კოჯორი-კაბენის მონასტერი-კაბენის ჩანჩქერების ბილიკი თქვენთვისაა. ბილიკი არის მარტივი სირთულის და ჯამში შეადგენს 11 კილომეტრს. ბილიკზე ლაშქრობისას თქვენ იხილავთ კოჯრის ციხეს, რომლიდანაც შესანიშნავი პანორამული ხედი იშლება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტზე, კაბენის მონასტერს, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება. ჩანჩქერები და ლამაზი ბუნება ამ ბილიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

მარშრუტი იწყება დაბა კოჯორში და მიემართება კოჯრის ციხისკენ. კოჯორში მოხვედრა შეგიძლიათ როგორც საკუთარი ავტომობილით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. საკუთარი ავტომობილის შემთხვევაში, შეძლებთ უშუალოდ კოჯრის ციხესთან მისვლას, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, გზიდან მოგიწევთ 1.5 კმ. გავლა კოჯრის ციხემდე. კოჯრის ციხის შემდეგ მარშრუტს აგრძელებთ კაბენის მონასტრის მიმართულებით.

ბილიკი კაბენის მონასტრამდე გადის ნაწილობრივ ტყეში და შემდეგ მიუყვება კლდის ფერდობს და ეშვება მონასტრისკენ. სალაშქრო ბილიკი არის მარტივი, თუმცა ბილიკი არ არის მარკირებული. კაბენის მონასტრის სიახლოვეს მდებარეობს კაბენის სამი ჩანჩქერი, რომელსაც კაბენის ჩანჩქერებს ეძახიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები