ზურაბ აბაშიძე – “ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებაზე: რუსეთთან რეგულარული ავია-რეისების აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის
პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენის ჩანიშვნას “კვირასთან” გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთთან რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
“შესაძლოა, იყოს ჩარტერული რეისი. როგორც ჩანს, ნებართვა აიღეს – რა და როგორ, არ ვიცი. კომპანიამ თავად უნდა გააკეთოს აღნიშნულის შესახებ განმარტება. რეგულარული ავია-რეისების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – აღნიშნა აბაშიძემ.
ცნობისთვის, “ჯორჯიან ეარვეისის” ინფორმაციით, კომპანია რეისს 28 იანვარს შეასრულებს, ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.