თინა ბოკუჩავა: უახლოეს დღეებში გვექნება ფრაქციის სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით

“უახლოეს დღეებში გვექნება ფრაქციის სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიციამ დღეს უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე ისაუბრა.

“დღეს ვისაუბრეთ კონკრეტულ ინიციატივებზე უკრაინასთან მიმართებით, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატის გამოყენებას, როდესაც საუბარია ერთობლივ რეზოლუციებზე უკრაინის საკითხზე, ასევე ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებისა და მინისტრების პარლამენტში დაბარებაზე. საუბარი იყო ერთობლივ ვიზიტზე უკრაინაში, ისევე როგორც უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებაზე, სადაც საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა პირველი ორი ფორმატი უშუალოდ ითვალისწინებს საპარლამენტო მუშაობას და შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მართლაც ზეპარტიული და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ. გიდასტურებთ, რომ უახლოეს დღეებში გვექნება ფრაქციის სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ როგორც წარსულში, ახლაც განხილვის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები