უკრაინის საგარეო უწყება: ნაადრევია აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაცია
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ნაადრევს” უწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ამერიკელი დიპლომატების ოჯახის წევრების უკრაინიდან სავალდებულო გასვლის შესახებ.
ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პატივს სცემენ უცხო სახელმწიფოების უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი დიპლომატების უსაფრთხოება, მაგრამ ასეთ ნაბიჯს „ნაადრევად და გადაჭარბებული სიფრთხილის გამოვლინებად“ მიიჩნევენ.
“ბოლო დროს, უსაფრთხოების ვითარებაში კარდინალური ცვლილებები არ მომხდარა: რუსული აგრესიის ახალი ტალღების საფრთხე მუდმივია 2014 წლიდან, ხოლო რუსული ჯარების კონცენტრირება სახელმწიფო საზღვართან გასული წლის აპრილში დაიწყო“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ასევე, უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, ყველა ამერიკელი დიპლომატი დატოვებს უკრაინას – საელჩო გააგრძელებს სრულ ფუნქციონირებას, რადგან აშშ-ის საჯარო მოხელეების გამგზავრება სავალდებულო არ არის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი შინაარსის გადაწყვეტილების შესახებ კიევში აშშ-ის საელჩოში განაცხადეს.