სტოლტენბერგი: აღმოსავლეთით გაფართოების საკითხზე რუსეთის მოთხოვნას ნატო, სულ მალე, წერილობით უპასუხებს
ნატო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის მოთხოვნებს წერილობით მალე უპასუხებს და შესთავაზებს სერიოზული მოლაპარაკებების გამართვას შეიარაღების კონტროლისა და სამხედრო აქტივობების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„უახლოეს მომავალში გადავცემთ ჩვენს წერილობით წინადადებებს რუსეთს, ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ“, – თქვა სტოლტენბერგმა.
გასულ კვირას, აშშ-რუსეთისა და ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთში განაცხადეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მათ მოთხოვნებს დასავლეთისგან პასუხს უახლოეს დროში, წერილობითი ფორმით ელოდებიან.
საკუთარი მოთხოვნები კი მოსკოვმა დეკემბერში წარადგინა, სადაც, მათ შორის, ნათქვამია, რომ ნატო-მ იურიდიული გარანტიები უნდა მისცეს რუსეთს, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, მეტიც – რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას – საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღების შესახებ – უკან წაიღებენ.
აღნიშნულს მოლაპარაკებების შემდეგ უპასუხეს ნატო-სა და შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის დონეზე და აღნიშნეს, რომ ნატო “ღია კარის” პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.