“ბელორუსში რუსი სამხედროებისა და შეიარაღების მობილიზება ლიეტუვისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს” – თავდაცვის მინისტრი

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა განაცხადა, რომ ბელორუსში რუსი სამხედროების ჩასვლა კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ლიეტუვას.

ამის შესახებ Delfi წერს.

საუბარია მინსკისა და მოსკოვის მიერ დაგეგმილ წვრთნებზე, რომლებიც თებერვალში ჩატარდება, თუმცა, რუსი სამხედროების ნაწილი ბელორუსში უკვე გადაისროლეს. ასევე, სწავლებაში იქნება ჩართული სარაკეტო სისტემები С-400. ამავდროულად, რუსეთში არ დაუზუსტებიათ, თუ რა რაოდენობის სამხედრო იქნება ჩართული წვრთნებში. მინსკში კი აცხადებენ, რომ წვრთნები მეზობელი უკრაინისა და პოლონეთის მხრიდან მზარდი სამხედრო საფრთხის გამო მზადდება.

„შექმნილ ვითარებაში ბელორუსში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეყვანას განვიხილავთ არა მხოლოდ უსაფრთხოების დესტაბილიზაციის ფაქტორად, არამედ – ლიეტუვისთვის კიდევ უფრო დიდ პირდაპირ საფრთხედ“, – განაცხადა ანუშაუსკასმა.

მინისტრი დღეს ნატო-ს ცხრა ქვეყნის ელჩს შეხვდება, “რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს ლიეტუვის უსაფრთხოების განმტკიცებას”, “ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების მდგომარეობას და წარმოვადგენთ ლიეტუვის ქმედებებს“.

რეგიონში დაძაბულობის საპასუხოდ, ლიეტუვამ გადაწყვიტა, გაზარდოს წვევამდელების რიცხვი, ასევე, უკრაინის არმიის ინსტრუქტორების რაოდენობა და დააჩქაროს სარაკეტო ზალპური სისტემების შეძენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები