გიორგი ცუცქირიძე: დასავლეთსა და რუსეთს შორის რუბიკონი გადალახულია

დასავლეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკურ ურთიერთობაზე ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის ფიქრობს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის რუბიკონი გადალახულია.

“როგორც ჩანს, არც რუსეთი შეცვლის თავისი მხრიდან წამოყენებულ პირობებს, ნატოს გაფართოების მიუღებლობაზე და მით უმეტეს რც დასავლეთი დაიხევს უკან რუსულ ულტიმატუმზე. დღევანდელი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ასე მოჩანს.

ჟენევაში (რუსეთი-აშშ) და ბრიუსელში მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდმა (რუსეთი-ნატო) რაიმე გარღვევის ყველა იმედი ფაქტიურად ამოწურა. ალიანსის ხელმძღვანელობამ მკაცრი და უკომპრომისო ფორმით უარი თქვა რუსეთთან დიალოგის გაგრძელებაზე ნატოს შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის და საქართველოს ალიანსში პოტენციური მიღების საკითხთან დაკავშირებით.

ცხადია, რომ რუსეთის მიერ წამოყენებული პირობებით ხელშეკრულებების გაფორმება უბრალოდ ვერ მოხდება, რადგან ეს მოითხოვს ნატოს მხრიდან არა უბრალოდ ფუნდამენტურ რესტრუქტურიზაციას, არამედ ნატოს დაშლა უფრო ადვილია, ვიდრე მის წევრ ქვეყნებთან ასეთ პირობებზე შეთანხმება.
მოლაპარაკება ჩიხშია შესული იმ თვალსაზრისითაც, რომ რუსეთი მოითხოვს ნატოს და აშშ-ის ჯარების გაყვანას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიიდან, მაგრამ სამაგიეროდ საკუთარ ვალდებულებებზე არაფერს ამბობს. საერთოდ არ მიდის საუბარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარის გაყვანაზე.
ამასთან, დასავლეთში სულ უფრო მტკიცდება აზრი, რომ რუსეთი მიატოვებს დიპლომატიას და გააგრძელებს ჯარების თავმოყრას უკრაინის საზღვართან, რაც საბოლოოდ უკრაინაში რუსული ინტერვენციით დასრულდება. დასავლეთში სულ უფრო აქტიურად განიხილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის და დასავლეთის კონტრქმედებების სხვადასხვა სცენარი, უფრო რუსული ბლიც კრიგით და სანქციების მთელი პაკეტით, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ემბარგოზე და უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე.

დღეს რუსული მხარის ულტიმატუმის გამომწვევ მიზეზებად სხვადასხვა ფაქტორი სახელდება. ჩემი აზრით, მთავარი მაინც 2008 წლის ბუქარესტის სამიტია. ევროპის ქვეყნების ნაწილის გაჯიუტება, რომ არა ჩვენ მაპ-ი გვექნებოდა და საეჭვოა, რუსეთს გაერისკა სამხედრო ინტერვენციები საქართველოში და უკრაინის აღმოსავლეთში. ეგ კი არა, პროცესებიც სულ სხვა მიმართულებით განვითარდებოდა, და საეჭვოა პუტინიც ამდენი ხანი ყოფილიყო ხელისუფლებაში.

ჩემი შეფასებით ეს იყო დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა, რამაც რუსეთის გაძლიერებას შეუწყო ხელი. ამის შედეგი იყო თუნდაც რუსეთის მოქმედებები სირიაში, სადაც არც თურქეთთან დაპირისპირებას მოერიდა.

დასავლეთს, რომ რუსეთ-საქართველოს ომზეც გაცილებით მტკიცე და მკაცრი პოზიცია ჰქონოდა, და სანქციების რეჟიმიც აემოქმედებინა, შემდგომში ყირიმის სცენარიც ნაკლებად მოსალოდნელი იყო.
დასავლეთი თავადვე იგდებს თავს წამგებიან სიტუაციაში, როდესაც მისი დიპლომატია აქცენტს ნატოს წევრობაზე ჩვენს არასაკმარის მზადყოფნაზე აკეთებს, მაშინ როდესაც არცერთი სტანდარტით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი საერთოდ არ იყო ნატოს წევრობისათვის მზად. ამით ფაქტიურად თავადვე აღიარებს რუსულ ფაქტორს, როგორ ალიანსში ჩვენი ვერ მიწვევის მთავარ წინაღობას.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან აგერ უკვე 30 წელია, ჩვენი საგარეო ვექტორი არცერთხელ არ დამდგარა ეჭქვეშ. ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით აქ რეფორმებიც საკმარისად ჩატარდა და დემოკრატიის კუთხითაც საქართველო მიეკუთვნება რა “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნებს, დემოკრატიის ხარისხით ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილსაც არ ჩამოუვარდება. დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრის ორგანიზაცია “ დემოკრატიის ვარიაციების”, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება, რეიტინგით საქართველო “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება და საქართველოს ჯგუფში გადიან აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ისეთი ქვეყნები როგორებიცაა ლიტვა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და უნგრეთი.

რუსეთთან მთავარი დაპირისპირებაც სწორედ ამ გეო პოლიტიკური არჩევანის გამოა და ნაკლებად კულტურული თუ სხვა ისტორიული ფაქტორების მიზეზით.

დღეს ჩვენ გვჭირდება დასავლეთიდან გაცილებით ფართო გარანტიები ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით. არაღიარების პოლიტიკაც უფრო აშშ დამსახურება იყო, ვიდრე ევროპის.
აშშ სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არა თუ უნდა დაჩქარდეს, მიზანშეწონილია უკვე ამ ზაფხულში იყოს ხელმოწერილი. ამასთან, რადგან ნატო იქცა გაურკვეველ მომავლად, უნდა დადგეს საკითხი საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსებაზე. ახლა ვაშინგტონის ინტერესში მით უმეტეს უნდა შედიოდეს რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობის გაძლიერება. ეს გაზრდის ქვეყნის დაცულობასაც და საინვესტიციო ნაკადებსაც. ჩვენ ვიქნებით რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის და ჩინეთის შემდეგ, ერთდროულად ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მსოფლიოს სამივე წამყვან მეგაეკონომიკასთან.

თუ 3+3 ფორმატზე მიდგება საუბარი, რასაც გუშინდელ პოსტშიც შევეხე და აღარ განვმეორდები, ჩვენ უნდა ვისწავლოთ საუბარი ყველასთან მტერთანაც და მოყვარესთანაც! ვფიქრობ, ზედმეტად უტრირებულია წარმოდგენები თითქოსდა რუსეთთან დიალოგი წინასწარვე წამგებიანი და შეუძლებელია მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე სამეფოც გაგვიუქმა და ახლა ქართული ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა. შევნიშნავ, რომ არც რუსეთის იმპერიას და არც ოსმალეთს ისეთი სიმძიმის დანაშაული მაინც არ მიუძღვით, რაც სპარსეთს. შახ-აბასის მაოხრებელ ლაშქრობებს ვინ ჩივის, 300 ათასი ქართველი გადაასახლა ირანში, ხოლო რაც მათ ქართველ დედოფალთან ჩაიდინეს, როდესაც ქეთევან დედოფალი სახალხოდ, ევროპელი მისიონერი ბერების თვალწინ გააშიშვლეს და სასტიკი წამებით მოკლეს, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ უნდა გვქონდეს”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები