“დავით ზალკალიანის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მოფიქრებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების კრიზისი რუსეთმა შექმნა.
„ევროპული არქიტექტურის მშენებლობისთვის ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციას. საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, სტოლტენბერგსა და მოკავშირეებთან არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მოფიქრებისთვის. გასულ კვირაში ჩვენ ვნახეთ სერიოზული შეხვედრები ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში, სადაც რუსეთს მიეცა შესაძლებლობა, აეხსნა მისი შეშფოთებები. ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სწორედ რუსეთმა შექმნა უსაფრთხოების ეს კრიზისი ევროპის ზღურბლზე. სწორედ რუსეთია, რომელმაც მიიყვანა ჯარები მეზობელი სუვერენული ქვეყნების საზღვრებთან; რუსეთია, რომელსაც აქვს ოკუპირებული სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები აქ, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.