კელი დეგნანი – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: ნებისმიერი ცვლილება კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს
“როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსულტაციების საფუძველზე”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შეშფოთებას იზიარებს.
„ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტის შეშფოთებას, მკაფიო განცხადება გავაკეთეთ დაჩქარებულ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა კონსულტაციების ნაკლებობას და დაინტერესებული მხარეების გათავისუფლებას. როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსულტაციების საფუძველზე. როდესაც ასეთი ცვლილებები ხორციელდება, თანამდებობიდან ათავისუფლებ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია ახსნა-განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო გაეთავისუფლებინათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი თანამშრომლები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ და ემსახურებოდნენ საქართველოს პატიოსნად”, – აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.