საია გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ გამოძიებას ეხმიანება
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დაწყებული გამოძიების საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისთვის დაქვემდებარებას ითხოვს.
“კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ საქმეს იძიებს ის საგამოძიებო ორგანო, რომელსაც ფინანსური დანაშაულების გამოძიების გამოცდილება აქვს და არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება”, – აცხადებენ საიაში.
აქვე, ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს: სისხლის სამართლის საქმე, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოსაძიებლად დაექვემდებაროს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
“გამოძიების მიმდინარეობისას, კვალიფიკაციის ნაწილში დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი (სამსახურებრივი გულგრილობა); მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა მიმდინარე შედეგების შესახებ”, – აცხადებენ საია-ში.