თელავის რაიონულმა სასამართლომ ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე თამარ კაპანაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობის სანაცვლოდ 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, არ დააკმაყოფილა. ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით, 37 წლის ქალი ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, თუმცა მას შემდეგ, რაც პროცესში პოლიცია და ექსპერტიზის ბიურო ჩაერთო, საქმეს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა მეუღლემ ქალი ჯერ გაგუდა, შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.