„კრიტიკისა და თვითკრიტიკის ქარცეცხლში თითქოს უკვე გაგვატარეს, მაგრამ სამინისტრო ჩემთან „გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“

 გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებას,  ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით.
„ამა წლის 16 იანვარს, კვირადღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოითხოვა, რომ მთელი ტირაჟი წიგნისა „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ სამინისტროს გადაეცეს. ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ამ წიგნის ბეჭდვა სამინისტროს დაფინანსებულია.
ამავე მოთხოვნის თანახმად, უნდა დავბრუნოთ უკვე გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარები. წიგნის მყიდველების ვინაობას ჩვენ ვერ დავადგენთ და გაყიდული წიგნების უკან დაბრუნება, რასაკვირველია, ვერ მოხერდება, და მუზეუმი ვერაფრით „მიმართავს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად“.
მუზეუმში დარჩენილი წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს განკარულებაში.
ის რომ წიგნში, ბოლო, ლექსების ნაწილში, შეცდომებია გაპარული უკვე ვაღიარეთ და ვაპირებდით დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაგვერთო, ისე, როგორც მიღებული წესია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ვერც ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას მოვახერხებთ ჩვენი მუზეუმის უმწირესი ბიუჯეტით, მით უმეტეს, როცა სამინისტრო ბეჭვდის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს.
მაგრამ „არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე“ მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც „საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა“. სავარაუდოდ, იგივე მრჩეველები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა.
შეცდომები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2 იანვარს ვაღიარე, თურმე „კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია“ (სამწუხაროდ, შეცდომები მეტია – არა მხოლოდ ეს ორი ლექსი).
ასეთი შეცდომები არც თუ იშვიათია საგამომცემლო საქმეში, და ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, რომ აქ რაღაც შეთქმულება დაინახო – ამჯერად უკვე ანა კალანდაძის წინააღმდეგ. როდესაც რაღაც დანაშაულზე ჩნდება ეჭვი, მოტივიც უნდა არსებობდეს, და რა მოტივი შეიძლება გვქონდეს გამომცემელსა და რედაქტორს, რომ ისედაც პაოლო იაშვილის ლექსების მისაკუთრების მცდელობაში ეჭვმიტანილ ელენე დარიანს ახლა კიდევ ანა კალანდაძის ლექსები „მივაკუთვნოთ“?
კრიტიკისა და თვითკრიტიკის ქარცეცხლში თითქოს უკვე გაგვატარეს, მაგრამ სამინისტრო ჩემთან „გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“ და კიდევ ერთხელ გარკვევას, თუ „რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა“, რომელიც, როგორც ჩანს, სამინისტროს თვალსაზრისით, „სისტემისთვის“ საფრთხის შემცველია“, – წერს ლაშა ბაქრაძე.

ცნობისათვის: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები