თამარ გაბუნია: საწოლფონდის რესურსი არის საკმარისი, მზარდი შემთხვევების პირობებში, გავუმკლავდეთ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას

კლინიკური და ჰოსპიტალური სექტორი „ომიკრონის“ ტალღისთვის გასამკლავებლად მზად არის. მობილიზებულია 8 ათასამდე საწოლი და დღეისთვის მოქმედ 62 ონლაინკლინიკას მომდევნო კვირიდან კიდევ 40 დაემატება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიან სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა “ომიკრონის” ტალღისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო.

„შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ „ომიკრონის“ ტალღისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი ახორციელებს. აქცენტი გაკეთდა ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზებაზე. მოგეხსენებათ, პირველადი ჯანდაცვა მობილიზებულია ონლაინკლინიკებით. დღეისთვის აქტიურია 62 ონლაინკლინიკა, ამას მომდევნო კვირიდან დაემატება 40 ონლაინკლინიკა ახალი და სრულად გაიშლება პირველადი ჯანდაცვის ქსელში კოვიდის მართვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მობილიზებული დარჩება 8 ათასამდე საწოლი, რაც არის საკმარისი საწოლფონდი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მზარდი შემთხვევების პირობებში გავუმკლავდეთ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას.

დღეს ჰოსპიტალური სექტორი არის მხოლოდ 50%-ით დატვირთული და საწოლების დიდი ნაწილი თავისუფალია.

რაც შეეხება ტესტირებას, ეს ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად რჩება – ანტიგენტესტირება და PCR ტესტირება. ის ადგილები, რაც ჩართული იყო პროგრამაში, კვლავ გააგრძელებს მუშაობას.

ასევე, ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღევანდელ შეხვედრაზე სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს და ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი დაცვა „ომიკრონის“ ტალღის პირობებში. განსაკუთრებული მობილიზება კიდევ ერთხელ გვმართებს. მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის სწრაფი ვაქცინაცია “ბუსტერ” დოზებით, რომ დავიცვათ სამედიცინო პერსონალი და არ შეიქმნას დეფიციტი ამ მიმართულებით“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები