ირაკლი ღარიბაშვილი: 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს; ჯამურად, 10.7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე

“მინდა, ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორ დავასრულეთ გასული საბიუჯეტო წელი და როგორია 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელსაც ჰქონდა ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2020 წლის ბოლოს – როგორც ეპიდემიოლოგიურად, ისე ეკონომიკურად ყველაზე რთულ პირობებში, შესაბამისად, 2021 წელს ეკონომიკური აღდგენის მოლოდინები მინიმალური იყო.

„ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენდა მაშინ 4,3%-ს; მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პროგნოზირებული იყო 53,4 მილიარდი ლარის ოდენობით; მთავრობის ვალის პროგნოზი იყო მშპ-ს 60 პროცენტზე მაღალი; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი შეადგენდა მშპ-ს 7,6%-ს. 2021 წელი დაიწყო საკმაოდ რთულად – იანვარში გვქონდა 11.5-პროცენტიანი ეკონომიკური კლება, ფაქტობრივად, ვიყავით ლოქდაუნის რეჟიმში, ვირუსის ძალიან მაღალი გავრცელებითა და, სამწუხაროდ, ადამიანური დანაკარგით. მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა მარტი-აპრილის თვიდან, როდესაც ჯერ მარტში დაფიქსირდა დადებითი ზრდის მაჩვენებელი, ხოლო აპრილში უპრეცენდენტოდ მაღალი – 44.8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ამავე პერიოდში დაიწყო საგარეო ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური ინდიკატორების სწრაფი გაუმჯობესების პროცესი.

11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს. ჯამურად, 10.7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, ახალი პროგნოზით – 59.6 მილიარდ ლარს შეადგენს. 11 თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტის ზრდამ შეადგინა 26.7 პროცენტი, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ – 28.7 პროცენტი; ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წელთან მიმართებით 112 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის 37 პროცენტი შეადგინა. უნდა აღნიშნოს, რომ ივლისიდან მოყოლებული, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიური თვის 50 პროცენტს აჭარბებს (ნოემბერში 55%); პირველ 11 თვეში წმინდა ფულადი გზავნილები 25.4 პროცენტით გაიზარდა; პირველ 3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშს დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, მათ შორის, მესამე კვარტალში – 6.1 პროცენტული პუნქტით.

წლიურად ჯამში ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წელს 10.5 პროცენტამდე შემცირდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, დაუბრუნდება 5-პროცენტიან მაჩვენებელს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები