სასამართლომ ლუკა კურტანიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანების და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა.

მოსამართლემ მას 7-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამომდინარე იქიდან, რომ კურტანიძე საპატიმროში ივლისიდან იმყოფება, ის პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 2 თვეს გაატარებს.

„[სასამართლომ] დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის ნაწილში, სადაც სასჯელის ზომად განუსაზღვრეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთის ვადა დაიწყო 27 ივლისიდან, ხუთი თვე მოხდილია უკვე და სადღაც ორი თვის ვადაში დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. საკუთრების მფლობელობის დარღვევაში და ნივთის დაზიანებაში ცნო უდანაშაულოდ. [დაეკისრა სასარგებლო შრომა] დაეკისრა, მაგრამ ყველაზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ყველაზე მცირე სასჯელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი მოჭიდავე მიმდინარე წლის ზაფხულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები