მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, NCDC-ს სამეთვალყურეო სხდომა გაიმართა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე, მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
“მიხეილ სარჯველაძემ NCDC-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ინტერესი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებაა. უწყების ხელმძღვანელმა, საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებს, მხარდაჭერისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
NCDC-ს საქმიანობის შესახებ, პრეზენტაცია ცენტრის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა. ირაკლი ფურცელაძემ ცენტრის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე. ასევე – ლაბორატორიული სიმძლავრეების განვითარებაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნასა და რეაგირების საკითხებზე.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრის თანამშრომლები და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.