“არ არის გამორიცხული, საომარი სცენარი გათამაშდეს” – გიორგი ცუცქირიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს
“არ არის გამორიცხული, საომარი სცენარი გათამაშდეს, თუ დასავლეთის გავლენიანმა წრეებმა ”პასიური აგრესიის” ნაცვლად, რაც პარტნიორის დარწმუნებას დიალოგით ანიჭებს უპირატესობას, რუსეთის ულტიმატუმს ულტიმატუმითვე უპასუხეს:, – ამის შესახებ ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის განმარტავს, თუ პუტინი მაინც წავა საომარ სცენარზე, მახვერპლი დიდი იქნება და უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი არამედ ევროპის თავისუფლებისთვის იომებს. დასავლეთი კი ამით თავისი ღირებულებების ერთგულებას დაადასტურებს.
“დღეს საერთაშორისო მედიის წამყვანი თემა რუსეთ-დასავლეთის მომავალ მოლაპარაკებებს უკავშირდება. გამოითქმის სხვადასხვა საექსპერტო შეფასებებიც მოსალოდნელ სცენარებზე და შედეგებზეც, რაც რუსეთის ფაქტობრივად ულტიმატუმს შეიძლება მოჰყვეს და რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს NATO ს გაფართოების ოფიციალურად შეჩერებას და ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ.
ისევ რუსულ კარტს რომ დავუბრუნდეთ, ხომ ნათელი იყო, რუსულ ულტიმატუმს დასავლეთი არ მიიღებდა, რადგან ეს იქნებოდა დასავლეთის სრული კაპიტულაცია არა მხოლოდ პუტინისტურ რუსეთთან, არამედ ჩინეთთან მომავალ დაპირისპირებაში. ამიტომ, არა მგონია რუსულ დიპლომატიას ეს არ ესმოდეს. უფრო რეალისტურია რუსეთი თვლიდეს, რომ ახლა ამ ვაჭრობით, მაქსიმუმი შეიძლება მიიღოს ნატოს გაფართოების შეჩერებით უკრაინის და საქართველოს შემთხვევაში და ჩრდილოეთ ნაკადის გაშვებით, რასაც ბუნებრივად სანქციების ეტაპობრივი მოხსნაც მოჰყვება, რადგან რუსული გათვლით დასავლეთი როგორც არასდროს ისეა დასუსტებული, ცალკე კოვიდპანდემიის კრიზისის და ცალკე შიდა ევროსკეპტიციზმის დინებების გამო. რუსეთი ამით ერთის მხრივ, დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში გლობალური მოთამაშის სტატუსით და მეორეს მხრივ, პუტინი გაიმაგრებს პოზიციებს ქვეყნის შიგნითაც.
მაგრამ თუ დასავლეთი ჩათვლის, რომ პირიქით რუსეთი ჩქარობს ამით მომავალი ეკონომიკური პრობლემები გადაფაროს, მაშინ დასავლეთი მით უმეტეს არანაირ დათმობაზე არ წავა, რადგან ამ სცენარისას, დრო უკვე მასზე მუშაობს, და თუ დასჭირდათ რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების ვარიანტზეც კი წავლენ, იმ გათვლებით, რომ რუსეთის ეკონომიკა შედარებით გრძელვადიან ომს ვერ გაუძლებს ახალი შოკისებური სანქციების პირობებში.
რუსული ულტიმატუმის კვალობაზე, არანაკლებ საინტერესოა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მოწოდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი. გამოცემა „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ წერილში იგი აცხადებს, რადგან “ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატო-ს მაგიდასთან და ახლა დროა, მივიღოთ სამოქმედო გეგმა, რათა ჩვენი დაპირება შესრულდეს. ნატო-ს არ შეიძლება ჰქონდეს ღია კარის ისეთი პოლიტიკა, როდესაც კარისკაცი პუტინია“.
მეტად ავტორიტეტულ ევროპულ გამოცემაში გასული ეს წერილი შეიძლება რუსეთთან მოახლოებული მოლაპარაკებების წინ, რუსების პოზიციის თავისებური დატესტვის ამოცანას ითავსებდეს. თუმცა არ არის გამორიცხული საომარი სცენარი გათამაშდეს თუ დასავლეთის გავლენიანმა წრეებმა ”პასიური აგრესიის” ნაცვლად, რაც პარტნიორის დარწმუნებას დიალოგით ანიჭებს უპირატესობას, რუსეთის ულტიმატუმს ულტიმატუმითვე უპასუხეს.
ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში თუ პუტინი მაინც წავა საომარ სცენარზე, მსხვერპლი დიდი იქნება, სადაც უკრაინა თავისი და ზოგადად ევროპის თავისუფლებისათვის იომებს, მაგრამ დასავლეთი ამით თავისი ღირებულებების ერთგულებას დაადასტურებს, რაც ასე მნიშვნელოვანია იგივე ჩინეთთან მომავალი დაპირისპირების კონტექსტში.
“თუ ჩვენ უკან დავიხევთ, ეს იქნება გზავნილი, რომელსაც გაიგებენ, როგორც ჩვენზე დამოკიდებული დემოკრატიები, ისე ავტოკრატები, რომლებსაც ჩვენი თავისუფლების ეშინიათ“, – ანდერს ფოგ რასმუსენის ეს სიტყვები ბევრის მეტყველი უნდა იყოს ჩვენთვისაც.
რაც შეეხება გაზით-ევროპის შანტაჟს, როდესაც ფასი ათას კუბმეტრზე 2300 დოლარამდეც კი ავარდა, საბოლოოდ ისევ აშშ გამოვიდა მოგებული, ტანკერებით დაიწყო ევროპის მომარაგება და ფასიც 900 დოლარამდეა დაწეული, მაშინ როდესაც ევროპა ამერიკულ გაზზე 600 დოლარზეც კი უარს იყო!” – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.