ვახტანგ ძაბირაძე: არც მმართველი გუნდის პოლიტიკურ სტრატეგიაში და არც ოპოზიციასთან ურთიერთობაში არსებით ცვლილებას არ ველი

“პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეროვნული თანხმობის ინიციატივა ამ ეტაპზე უპერსპექტივოა. ჩემი აზრით, გაზაფხულამდე ამ პროცესს პერსპექტივა არა აქვს. მერე შეიძლება რამე შეიცვალოს”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ძაბირაძე ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავას გადადგომასაც გამოეხმაურა.

“არ მახსენდება კახა კუჭავას რომელიმე არაორდინარული ნაბიჯი. ვერც იმას ვიტყვი, რომ მმართველ გუნდში პოლიტიკური ტაქტიკის თაობაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება იყოს. ამიტომ მისი პოსტიდან წასვლას ახსნა არა აქვს. განმარტება, რომ პოლიტიკიდან რაღაც პროექტის გამო მიდის, არადამაჯერებელია. ხოლო თუ სწორია აზრი, თითქოს ის პროექტი, რომელსაც კახა კუჭავამ უნდა უხელმძღვანელოს, ანაკლიას უკავშირდება, შეიძლება მის გადადგომაში ლოგიკა დავინახოთ… არის ისეთი ვერსიებიც, რომლის მიხედვითაც ის ღარიბაშვილის გუნდის გაძლიერებას შეეწირა. პაპუაშვილი ხომ ღარიბაშვილის გუნდის წევრად მოიაზრება.

“ოცნების” პოლიტიკური ქმედებების დიაპაზონს ერთი კაცი განსაზღვრავს – ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენები შემსრულებლები არიან. შესაბამისად, არც მმართველი გუნდის პოლიტიკურ სტრატეგიაში და არც ოპოზიციასთან ურთიერთობაში არსებით ცვლილებას არ ველი. რაც შეეხება გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს, რამაც შეიძლება მომავალი წლის პოლიტიკური წესრიგი განსაზღვროს, ეს შეიძლება იყოს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ადგილობრივი არჩევნები. ერთიც და მეორეც აუცილებლად იქონიებს გავლენას მომავალი წლის პოლიტიკურ პროცესებზე. შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირებით და ადგილობრივი არჩევნებით უკმაყოფილო ოპოზიცია აუცილებლად გააგრძელებს საუბარს ვადამდელ არჩევნებზე. გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მომავალ წელსაც აქტუალური იქნება სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, რამაც უფრო გაამწვავა და რადიკალური გახადა პოლიტიკური პროცესი. ის, რომ “ნაციონალებმა” საყოველთაო შიმშილობა დაიწყეს, პროცესების რადიკალიზაციის გაგრძელებაზე მეტყველებს. შესაბამისად, არა მგონია, პროცესი შერიგებით დასრულდეს და მომავალ წელს სტაბილური პოლიტიკური გარემო გვქონდეს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეროვნული თანხმობის ინიციატივა ამ ეტაპზე უპერსპექტივოა. ჩემი აზრით, გაზაფხულამდე ამ პროცესს პერსპექტივა არა აქვს. მერე შეიძლება რამე შეიცვალოს. ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში და მის გარეთ. ასევე ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს ოპოზიცია საკრებულოებში საკუთარ წარმომადგენლებს და შეძლებს თუ არა სიახლის შეტანას სტრატეგიაში. თუ ისევ მიტინგებსა და პროტესტზე გააკეთებს აქცენტს, არაფერი გამოუვა. სოციალური და ეკონომიკური საკითხები უნდა წამოსწიონ წინ, მაგრამ როგორც მე ვაკვირდები, ამისთვის მზად არ არიან. ძალიან ნიშანდობლივი იყო მგზავრობის გადასახადის გაძვირება, რაზეც თბილისის მერია შავზე გვეუბნება თეთრიაო. ამ საკითხზე ოპოზიციის მსჯელობას რომ ვუსმინე, გავოგნდი. ზოგი იმასაც კი ამბობს თურმე, ავტობუსებზე უარი უნდა ვთქვათ და ყველამ მსუბუქი ავტომობილი ვიყიდო­თო. ავტომობილებსა და საცობებზე ილაპარაკეს, ანუ იმ საკითხებზე ლაპარაკში დახარჯეს დრო, რომლებიც საქმესთან არანაირ კავშირში არ იყო. არავინ იკითხა, რატომ არ შეიძლება სააბონენტო სისტემა არსებულ საგადასახადო სისტემას მოვარგოთო… სოციალური ლოზუნგებით ქართველები ქუჩაში მართლაც არასდროს გამოსულან, მაგრამ პოლიტიკური ფასადის უკან ყოველთვის იყო სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა – გამსახურდიათი დაწყებული და ივანიშვილით დამთავრებული, საზოგადოებაში აღიქმებოდა როგორც სამართლიანი, კორუფციასთან მებრძოლი. ხომ გახსოვთ, ივანიშვილზე რომ ამბობდნენ, მაგას იმდენი ფული აქვს, ხელისუფლებაში გასამდიდრებლად არ მოვაო. სააკაშვილი ხომ საერთოდ ანტიკორუფციულ ტალღაზე მოვიდა. ქართველი ხალხის პროტესტის უკან ყოველთვის იდგა სოციალური პრობლემები, უბრალოდ, წინა პლანზე არ გამოჰქონდათ. რას ვუკავშირებთ დღეს ხელისუფლების შეცვლას?! ჩვენი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სამართლიან მართლმსაჯულებას. უამისოდ რა აზრი აქვს ხელისუფლების შეცვლას?. მუდმივად ვლაპარაკობთ სამართლიანობის აღდგენაზე, მაგრამ არასდროს გვიცდია, გაგვეგო, ვინ რას გულისხმობს ამაში. ეს საკითხი საზოგადოების ელექტორალურ ნაწილს სხვაგვარად ესმის, პოლიტიკურ ნაწილს სხვაგვარად იმიტომ, რომ მათ სხვადასხვა ინტერესი აქვთ. სამართლიანი მართლმსაჯულების შექმნა იოლი არ არის. ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ყოველთვის კორუფციული ელემენტებით იწყებოდა – იწყებოდა სახელისუფლებო ვერტიკალში ადგილების გათავისუფლება და საკუთარი ხალხით ჩანაცვლება. იყო სხვა ტიპის პრობლემებიც, მაგალითად, როდესაც “ნაცმოძრაობა” მოვიდა ხელისუფლებაში, შეიქმნა ფონდები, სადაც ხალხს ძალით არიცხვინებდნენ ფულს და მერე სად ან როგორ ხარჯავდნენ, კაცმა არ იცოდა. გამსახურდია რომ მოვიდა ხელისუფლებაში, მბეჭდავიც კი არ დატოვა კანცელარიაში, ყველა გაათავისუფლა, იგივე გააკეთა შევარდნაძემაც და შემდეგ სააკაშვილმაც. “ოცნებამ” ნაწილი დატოვა, ნაწილი გაუშვა, მაგრამ დატოვეს იქ, სადაც არ უნდა დაეტოვებინათ, და გაუშვეს იქიდან, საიდანაც არ უნდა გაეშვათ. ასე რომ, სანამ არ ჩამოვყალიბდებით, რა არის სამართლიანი, ობიექტურად არ შევაფასებთ მოვლენებს, არაფერი გამოვა – ხელისუფლებაში მოსულ ყველა ძალას თავისი სამართალი ექნება. რაც შეეხება კოალიციური მთავრობას, ოპოზიცია კი ლაპარაკობს კოალიციაზე, მაგრამ შინაარსისგან მთლიანად დაცლილია. კოალიციური მთავრობის არსი და ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნების შემდეგ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ უნდა მიიღოს 50%+1 ანუ 71 მანდატი. მაშინ დადგება რეალური კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა. მე არ მესმის, რა კოალიციაზე ლაპარაკობს ოპოზიცია. გაიხსენეთ სააკაშვილის განცხადებები, ჰგავს ის ადამიანს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ძალაუფლების გაყოფისთვის იქნება მზად? კოალიციამ არ იმუშავა არც შევარდნაძის დროს, არც სააკაშვილის და არც “ოცნების” შემთხვევაში.

რა კოალიციაა, როდესაც მოგინდება, მაშინ რომ გაყრი სხვა პარტიის ლიდერებს? კოალიცია არის მაშინ, როდესაც მე სხვისი მანდატები მჭირდება. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო რამ მოხდა ჩხოროწყუში. იქ დღეს მართლა კოალიციაა. საკმარისია ორმა დეპუტატმა, მაგალითად, გახარიას პარტიის ორმა წევრმა, გადაიფიქროს “ნაცმოძრაობისთვის” მხარდაჭერა, მეორე დღესვე ახალი კოალიცია ჩამოყალიბდება ან საერთოდ დაიშლება და ახალ თავმჯდომარეს დააყენებენ. რას შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა ჩხოროწყუს საკრებულოს მაგალითი პრეცედენტი გახდე – ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ იმუშავებს ოპოზიცია. ამ ამბავში “ოცნებაც” უნდა ჩაერთოს. “ნაციონალებმა” მიიღეს გახარიას პირობა, რომ მისი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო საკრებულოს თავმჯდომარე. თუ “ოცნებაც” დათანხმდება ასეთ პირობას იქ, სადაც უჭირს, მაშინ ნორმალურად წავა პროცესი, მაგრამ თუ განაგრძობს იმაზე ლაპარაკს, ხომ გეუბნებოდით, გახარია “ნაციონალების” მოსყიდულიაო, მაშინ არაფერი გამოვა”,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები