დღეს, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. მას ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი არ დაესწრება. ამის შესახებ მედიას სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა განუცხადა.
„ფიქრობდა, სასამართლოზე წასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ვერ წავა. მკურნალობის სქემასთან დაკავშირებით ექიმებს შორის დისკომფორტი წარმოიშვა. მე და ბატონ ოთარ თოიძეს გვსურს, რომ აღვუდგინოთ ის წამლები, რომლებსაც აღარ იღებს, მაგრამ, საუბედუროდ, გორის ჰოსპიტლის ექიმი უარზეა. ვთხოვ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გამოაგზავნოს სახელმწიფო კომისია, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ დანიშნულების შეცვლა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.