შალვა პაპუაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და “ქართული ოცნების” გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის

“მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და “ქართული ოცნების” გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია”,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდირების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ, ახალი წლიდან, პარლამენტი სრული მასშტაბით დაუბრუნდეს მის ძირითად საქმიანობას.

“მადლობა კახა კუჭავას, რომელმაც რთულ პოლიტიკურ ვითარებაში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება და პარლამენტის საპარლამენტო ცხოვრების კალაპოტში მოქცევა. განსაკუთრებით კი, მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისგან როგორც პარლამენტის წევრი და მეგობარი ვგრძნობდი.

საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდირების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ, ახალი წლიდან, პარლამენტი სრული მასშტაბით დაუბრუნდეს მის ძირითად საქმიანობას.

ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდატეხა უნდა შეიტანოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებაში. ამასთან, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, პარლამენტს ასევე დიდი როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებაში.

ამ ორივე მიზნის შესასრულებლად მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამონაწილეობა, რის დიდი იმედიც მაქვს და რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებ”,- წერს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები