ევროპა უკრაინას გადაეფარა და პუტინს ახალი სანქციებით აფრთხილებს

ევროკავშირის სახელმწიფოების ხელმძღვანელებმა რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ დღეს, 17 დეკემბერს ევროპული კავშირის თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა განაცხადა. „მოვუწოდებთ რუსეთს, ვალდებულების თავისი ნაწილი შეასრულოს და მინსკის შეთანხმებების რეალიზებაზე გადავიდეს“, – აღნიშნა მან.

როგორც უკვე ცნობილია, ახალი სანქციები კიდევ 6 თვეს იმოქმედებს – 2022 წლის 31 ივლისამდე. პირველად, ევროკავშირის სანქციები მოსკოვის აგრესიული ქმედებების გამო უკრაინის მიმართ 2014 წლის ივლისში იქნა შემოღებული. ეს სანქციები რუსეთის ეკონომიკის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს მძიმე მდგომარეობაში აგდებს. მიზეზი კი ის აგრესია და ძალადობრივი პოლიტიკაა, რომელსაც კრემლი სუვერენული სახელმწიფოების მიმართ იჩენს.

იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინის მიმდინარე საგარეო პოლიტიკა შეეფასებინათ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს დაახლოებით ორი საათი დასჭირდათ. ისინი ამ თემაზე კონფიდენციალურ გარემოში საუბრობდნენ და, საბოლოოდ, შეთანხმებული გადაწყვეტილებაც მიიღეს. „ევროპული საბჭო ხაზს უსვამს რუსეთის მხრიდან გადაუდებელ აუცილებლობას, დაწიოს ის დაძაბულობა, რომელიც მისი მხრიდან უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ნაწილების გაფართოებასა და აგრესიულ რიტორიკას მოყვა”, – ნათქვამია იმ განცხადებაში, რომელიც დღეს სამიტზე გაკეთდა. ევროკავშირის ლიდერებმა ასევე დაადასტურეს სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ, მომავალ სამხედრო აგრესიაზე პასუხი იქნება პარტნიორებთან ერთად კოორდინებული, ფართომასშტაბიანი შედეგები და ხისტი ფასი, რაც ასევე შემზღუდავ ზომებსაც მოიცავს”, -ნათქვამია ახალ ერთობლივ კომუნიკეში. ამავე დროს, ევროპის საბჭო ადგილს ტოვებს დიპლომატიური ძალისხმევებისთვის, მათ შორის, „ნორმანდიის ფორმატში“.

ნატო-ს ინფორმაციით, რუსეთი კვლავ აგრძელებს საჯარისო ნაწილების გაძლიერებას უკრაინის საზღვრებთან. 16 დეკემბერს ბრიუსელში ვლადიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი კიდევ უფრო ზრდის თავის სამხედრო კონტინგენტს. მან მოსკოვის მოქმედებებს “გაუმართლებელი, პროვოკაციული და დესტაბილიზაციის მომტანი” უწოდა და მოუწოდა კრემლს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ ჩარჩოს, რითაც დაძაბულობის განმუხტვა შესაძლებელი გახდება. სტოლტენბერგმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატო მზად არის რუსეთთან დიალოგზე, თუმცა, უკრაინის მიმართ ნებისმიერი აგრესიის გამო, მოსკოვი დიდ ფასს გადაიხდის.

ნატო-ს მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის სასაზღვრო რეგიონებში 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განათავსა. ექსპერტები შიშობენ, რომ 2014 წლის მოვლენები განმეორდება, როდესაც, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტებს დახმარება გაუწია.
როგორც დღეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა-„უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს, თუმცა, უარესისთვის მზად უნდა ვიყოთ“. რის იმედი აქვს ვლადიმერ პუტინს და რისთვის ემზადება ის, როცა მისი აგრესიული პოლიტიკის გამო რუსეთის მიმართ ისევ მძიმე ეკონომიკური სანქციები ამოქმედდა, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ნონა მამფორია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები