ლადო პაპავა: წელს დავასრულებთ 10%-იანი ზრდით, თუმცა, ქართული ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი“ ეროვნული ბანკის პოლიტიკაა

“იმ განუზღვრელობის პირობებში, რაც შეექმნა ეკონომიკას “კოვიდ-19″-ის პანდემიის გამო, საქართველოს ეკონომიკამ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა 2021 წელს”, – ამის შესახებ “კვირას” ეკონომისტმა, პროფესორმა ლადო პაპავამ განუცხადა.

მან ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში გამოსვლა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ  ეკონომიკის ზრდის პოზიტიურ მაჩვენებელს მოსახლეობა მაღალი ინფლაციის გამო ვერ გრძნობს.

“ქალბატონმა ნათიამ ძალიან საინტერესო სურათი წარმოადგინა. სულისკვეთება არის ოპტიმისტური, რასაც სრულად ვიზიარებ, იმიტომ რომ იმ განუზღვრელობის პირობებში, რაც შეექმნა ეკონომიკას “კოვიდ-19″-ის პანდემიის გამო, საქართველოს ეკონომიკამ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა 2021 წელს. ამას, რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაესვას და ეს მისასალმებელია.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის უმთავრესი პრობლემა იყო ის, რომ რადგანაც მედიკოსებმა არ იცოდნენ კოვიდ-19-ის ბუნება და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, შერჩეულ იქნა ყველაზე რადიკალური და მარტივი გზა – შეწყდა ფრენები, შეწყდა ადამიანებს შორის კონტაქტები, დაიხურა მთელი რიგი საწარმოები და ამან გამოიწვია ეკონომიკური ვარდნა. 2021 წლის გაზაფხულიდან კი უკვე ქვეყანაში არის ვაქცინები, ის არის ხელმისაწვდომი, ის არის უფასო და მოსახლეობის მესამედი დღეს უკვე არის ვაქცინირებული ორი დოზით, რაც მნიშვნელოვანია. ამას დაემატა გარკვეულ წილად ის ჯოგური იმუნიტეტიც, რომელიც  გამოუმუშავდა იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებია. შედეგად, საზოგადოებამ ისწავლა პანდემიის პირობებში, კოვიდთან თანაარსებობა და ამ თანაარსებობაში ეკონომიკის ხელშეწყობა და განვითარება. ამან გამოიწვია რომ ქვეყანაში გვაქვს მართლაც სერიოზული ეკონომიკური ზრდა.

სრულად ვიზიარებ ეკონომიკის მინისტრის აზრს, და უფრო ადრე ეს თქვა პრემიერ- მინისტრმა, რომ წელი დასრულდება 10%-იანი ეკონომიკური ზრდით. ეს, რა თქმა უნდა, ეჭვს არ იწევს, თუმცა ჩნდება კითხვა – თუ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მოსახლეობა რატომ არ გრძნობს ამას პოზიტიურად. პასუხი არის ძალიან მარტივი – 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ადგილი აქვს 12,5 პროცენტიანი ინფლაციის პირობებში. სხვა სიტყვებით, ის ეკონომიკური ზრდა, რაც დადებით შედეგს იძლევა, პრაქტიკულად გადაფარა ინფლაციამ, რომელიც ნიშნავს, რომ მოსახლეობას სამომხმარებლო კალათა გაუძვირდა. გაუძვირდა უფრო მეტად, ვიდრე ეკონომიკა გაიზარდა. შესაბამისად, ასეთ პირობებში მოსახლეობის კეთილდღეობა უბრალოდ ვერ გაიზრდება.

ინფლაციის უკან დგას გლობალური მოვლენა – პანდემიის გამო, გლობალურად მოხდა მიწოდების ჯაჭვებიდ რღვევა. შედეგად შემცირდა მიწოდება, რამაც გამოიწვია ინფლაცია.  ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ეს გლობალური ფენომენია”, – განაცხადა ლადო პაპავამ.

მისი თქმით, ინფლაციის ზრდასთან მიმართებით სებ-ს მცდარი მიდგომა აქვს.

“მიწოდების შემცირებით გამოწვეულ ინფლაციას, ეროვნული ბანკი ვერანაირად ვერ მოუვლის. ეს აღემატება მის შესაძლებლობას, რადგან თუ ეკონომიკაში შეფერხებაა და მას არ შეუძლია მიწოდება, ეროვნულ ბანკს რა შეუძლია, წარმოებას ხომ ვერ გაზრდის, ამიტომ აძვირებს ფულს. ამით ის ცდილობს შემცირდეს ფულის მასა, რათა მოითოკოს ინფლაცია. მაგრამ ფულის გაძვირება იწვევს კრედიტის გაძვირებას, კრედიტის გაძვირება იწვევს იმას, რომ ის ნაკლებად ხელმისაწვდომია ბიზნესისთვის და საბოლოო ჯამში ისევ მცირდება მიწოდება. ამიტომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა და გატარებული ღონისძიებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მე ასე გავმიჯნავდი, რომ ქალბატონი ნათიას მოხსენებას, გამოთქმულ პოზიტიურ შეფასებებს სრულად ვიზიარებ, მათ შორის იმ ხედვასაც რომელიც არის დაკავშირებული, როგორც მოკლევადიან, ასევე ხანგრძლივ პერსპექტივაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი“ ეროვნული ბანკია”,  – განაცხადა პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები