„საქართველო – პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით“, – ქართული ღვინის წარდგენა შანხაიში გაიმართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში ProWine Shanghai, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გამოფენის ფარგლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართა ქართულ ღვინის მასტერკლასი-დეგუსტაცია სახელწოდებით ,,Georgia – Small Country with Big Treasures“ (საქართველო – პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით), რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი (Fongyee Walker) უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ცხრა ქართული კომპანიის ღვინოები.
„ქართული ღვინის ბაზრების დივერისიფიცირების კუთხით, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიას. ზოგადად, ProWine-ის გამოფენების ციკლთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ProWine Shanghai-ს, ტრადიციულად, საერთო ჯამში, 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება. აღნიშნული მასშტაბის და მნიშვნელობის გამოფენაში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებებს დაესწრო.
საერთაშორისო ფორმატის „ProWine” გამოფენები წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს ამყარებენ. „ProWine”-ის მთავარ გამოფენას დუსელდორფი მასპინძლობს; წლის განმავლობაში კი, გამოფენები იმართება ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და სან-პაულოში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო „ProWein“-ის გამოფენებზე გერმანიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში.