აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიკლინიკების მასშტაბური რებრენდინგი იწყება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემაში მასშტაბური და უპრეცედენტო პროექტი იწყება, რომლის ფარგლებში აფხაზეთის პოლიკლინიკების რებრენდინგი და მათი მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სრულყოფილი განახლება მოხდება. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

პროექტის განხორციელებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 2 მილიონი ლარი გამოიყოფა, დამატებით ერთ მილიონ ლარს კი საკუთარი ბიუჯეტიდან აფხაზეთის მთავრობა გამოყოფს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდის და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიას შეხვდა. შეხვედრაზე განსახორციელებელი პროექტის დეტალები და ეტაპები განიხილეს.

„პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა და გულისხმობს ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარის მიმართვას აფხაზეთის დევნილთა პოლიკლინიკების განვითარებისთვის. აფხაზეთის ბიუჯეტიდან დამატებით მილიონი ლარი გამოიყოფა ამ მიმართულებით და ჯამში 3 მილიონი ლარი მოხმარდება ჩვენი დევნილთა პოლიკლინიკების განვითარებას, რომელიც მიემართება, როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულებით, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისკენ და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენმა დევნილმა მოსახლეობამ ღირსეულ გარემოში მიიღონ სამედიცინო სერვისები”, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

პროექტი არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, მომსახურების ხარისხის ამაღლებას და დევნილი ბენეფიციარებისთვის თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები