საქართველოს ეროვნული არქივი ICARUS-ის 35-ე ყრილობაში მონაწილეობდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, საარქივო სფეროს სხვა პროფესიონალებსა და მკვლევარებთან ერთად, ვენეციაში საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 35-ე ყრილობას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვისა და ხელმისაწვდომობისთვის საჭირო ინოვაციური მიდგომების განხილვას დაეთმო. საუბარი შეეხო საარქივო დოკუმენტების მონაცემთა საერთო სივრცეების განვითარებას; ისტორიული საბუთების დიგიტალიზაციასა და ელექტრონულად წაკითხვადი ფორმატების შექმნას. მონაწილეებმა გააანალიზეს საინფორმაციო ტექნოლოგიების გავლენა საარქივო პრაქტიკაზე, რაც ისტორიული დოკუმენტების მეტ ხელმისაწვდომობასა და ინტერაქტიულობას უზრუნველყოფს.
“გაზიარებულმა გამოცდილებამ ცხადყო ტექნოლოგიური ინოვაციების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საარქივო საქმიანობის ადაპტაციის აუცილებლობა ციფრულ ეპოქაში.
ღონისძიების ფარგლებში ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი სოფრომაძე ICARUS-ის პრეზიდენტ ბირგიტ კიბალსა და ღონისძიების მასპინძლის, ვენეციის სახელმწიფო არქივის დირექტორს, ანდრეა ერბოსოს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობას გაუსვეს ხაზი. ამასთან, ეროვნული არქივის დელეგაციამ დაათვალიერა ვენეციის არქივის შენობა და ადგილზე გაეცნო კოლეგების მუშაობის სპეციფიკას.
ICARUS-ის ყრილობა წარმოადგენს საერთაშორისო პროფესიულ პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საარქივო ინსტიტუციების პროფესიონალების შეკრებას, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და ინიციატივების გაზიარებას, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს.
საქართველოს ეროვნული არქივი 2013 წლიდან საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) წევრია,”- წერია ინფორმაციაში.