ირაკლი ზარქუა – IPSOS-ის კვლევაზე: ეს არის პირდაპირი დემონსტრირება, რომ ყველამ თავისი ხალხისა და ქვეყნის საქმეები უნდა აკეთოს
„ეს არის პირდაპირი დემონსტრირება, რომ ყველამ თავისი ხალხისა და ქვეყნის საქმეები უნდა აკეთოს,”- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ IPSOS-ის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა დიდი ევროპული სახელმწიფოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.
“ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი “დიფ სთეითს”. საფრანგეთს ეკონომიკური ზრდა აქვს 0.5%, გერმანია რეცესიისკენ არის, მინუსი აქვს. დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებს ან ინფლაცია უტევთ, ან დაბალი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არაჯანსაღ პოლიტიკას ატარებენ და ამან ასახვა პოვა იმ კვლევებში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი IPSOS-ის კვლევების სახით. ყველა დიდი ევროპული სახელმწიფოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. ეს არის პირდაპირი დემონსტრირება, რომ ყველამ თავისი ხალხისა და ქვეყნის საქმეები უნდა აკეთოს,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც 9 ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარდა, გაირკვა, რომ ამომრჩეველთა, დაახლოებით, ნახევარი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და ფიქრობს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საფრთხე უფრო გაიზრდება.