იოსებ არჩვაძე: 2021 წლის მარტიდან საქართველოს ეკონომიკა სტრატეგიულ შეტევაზეა გადასული და დღემდე ინარჩუნებს რაოდენობრივი ზრდისა და ეკონომიკის ხარისხობრივი გაუმჯობესების კურსს
“მდგრადობა, პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოებრივი სიმშვიდე დიდწილად დამოკიდებულია ეკონომიკის ფაქტობრივ მდგომარეობაზე, მისი ზრდის ტემპსა და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე. ამ მხრივ სერიოზული წარმატებები დაფიქსირდა 2021 წელს, რაც მთლიანად აისახა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ქალბატონ ნათია თურნავას ანგარიშში, რომლითაც ის საქართველოს პარლამენტის წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა”, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე ეკონომიკის მინისტრის გამოსვლას პარლამენტში.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, 2021 წელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის იყო იმ გამოწვევებისა და რისკების დაძლევის წელი, რითაც ასე „უხვად დააჯილდოვა“ კოვიდპანდემიამ საქართველოს ეკონომიკა წინა, 2020 წელს.
მისი თქმით, საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრომ პირადად მინისტრმა ქალბატონმა, ნათია თურნავამ ამ მძიმე, არაორდინარულ პირობებში გამოავლინეს პროცესების მართვისა და სასურველ კალაპოტში მოქცევის, პრობლემების დაძლევისა და ახალი შესაძლებლობების გახსნის მაღალი უნარები.
„აღნიშნულმა რაციონალურმა და ეფექტიანმა ქცევამ შესაძლებლობა მისცა ქვეყნის ეკონომიკას არა მარტო დაეძლია კრიზისული 2020 წლის შედეგები, არამედ ფაქტობრივად გადაეფარა კრიზისამდელი, 2019 წლის თითქმის ყველა მაჩვენებლის დონე. 2020 წლისაგან განსხვავებით, როდესაც საქართველოს ეკონომიკა, სამხედრო ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, სტრატეგიულ თავდაცვაზე იყო გადასული და მხოლოდ ფრაგმენტულად, „წერტილოვნად“ ახორციელებდა კონტრშეტევებს ცალკეული, პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული და მოწყვლადი მიმართულებებით, 2021 წლის მარტიდან საქართველოს ეკონომიკა, შეიძლება ითქვას, სტრატეგიულ შეტევაზეა გადასული და დღემდე ინარჩუნებს რაოდენობრივი ზრდისა და ეკონომიკის ხარისხობრივი გაუმჯობესების კურსს, რომელიც მიმართულია: ა) ეკონომიკის შემდგომ გახსნილობაზე; ბ) მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციაზე და გ) მდგრად, სტაბილურ და პროგნოზირებად განვითარებაზე,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, მაღალი ალბათობით, 2021 წელს მიღწეულ იქნება ეკონომიკის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამასთან, გასული, 2020 წლის წლიური დონე წელს უკვე მიღწეულ იქნა: მშპ-ის წარმოების მხრივ – 2021 წლის 1 ნოემბრისათვის, ბიზნეს-სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვება – 29 ოქტომბრისათვის, საგარეო სავაჭრო ბრუნვა – 17 ოქტომბრისათვის, მათ შორის ექსპორტი – 14 ოქტომბრისათვის. ფაქტობრივად, 2020 წლის დონეზე გასვლა საქართველოს ეკონომიკამ უკვე შეძლო 2021 წლის ოქტომბრის მეორე დაკადაში და წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში ახორციელებს დამაჯერებელ ზრდას და წინსვლას.
„ხელისუფლების მიერ სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ოთხი ძირითადი მამართულებით (1. მოსახლეობის სოციალური დაცვა; 2. კოვიდპანდემიის გამოწვევებზე გამკლავება; 3. ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერა; 4. ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია) წარმატებული რეალიზაცია სწორედ თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკისა და დამაჯერებელი მაკროეკონომიკური ზრდის დამსახურებაა. ეროვნული ვალუტაც 2021 წლის დეკემბერში თითქმის 7 პროცენტით უფრო მყარი იყო ერთი წლის წინადელთან შედარებით. ამასთან, ეკონომიკური ინდიკატორების რაოდენობრივი ზრდის პარალელურად, წელს დაფიქსირდა ხარისხობრივი პარამეტების გაუმჯობესებაც – ბიუჯეტის, საგადასახადო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტებისა და სახელმწიფო ვალის ქვეყნის ეროვნულ პროდუქტთან თანაფარდობის შემცირება. ამით მან მნიშვნელოვნად განსაზღვრა წინსვლის კიდევ უფრო სოლიდური პარამეტრები მომავალი წლისათვის, რომლებიც უკვე ასახულია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინსტიტუციურად და ფუნქციონალურად სულ უფრო წარმატებით ახორციელებს ეკონომიკის ეფექტიანი და დინამიური განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავებისა და რეალიზაციის უაღრესად საპასუხისმგებლო და, იმავდროულად, შემოქმედებით მისიას.“