გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია პარლამენტში თუ დაბრუნდება და ჯანსაღად დაიწყებენ ოპონირებას, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს შეიძლება, გვქონდეს განცდა, დაიწყება შერიგებაზე საუბარი
“პირველი ნაბიჯი ეკუთვნის ოპოზიციას, რადგან ისინი წავიდნენ პარლამენტიდან ქუჩაში, პარლამენტში თუ დაბრუნდებიან და ჯანსაღად დაიწყებენ ოპონირებას, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, მერე ჩვენ შეიძლება, გვქონდეს განცდა, დაიწყება შერიგებაზე საუბარი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ე.წ. შერიგების პროცესში ოპოზიციამ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას და საკანონდებლო ორგანოში დაიწყოს მუშაობა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი.
“საქართველოს პარლამენტი არის მთავარი პოლიტიკური ორგანო, სადაც საზოგადოებამ აირჩია უმრავლესობაც და ოპოზიციაც. პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იქითკენ, რომ მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საზოგადოებამ აირჩია და აქ უნდა დავიწყოთ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, ამის შემდეგ გამოიკვეთება ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ შეიძლება, კიდევ ერთხელ შევჯერდეთ. არსებობს ისეთი საკითხები, რაზეც შეიძლება შევჯერდეთ. წინაპირობები ჩვენი მხრიდან არც ყოფილა და არც არსებობს, გარდა ერთისა, როცა დავინახავთ, რომ ოპოზიცია პარლამენტში მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს ნორმალურ სახელმწიფოში, რაც მთავარია პარლამენტში, კი არ ხულიგნობს და მაგიდებზე კი დარბის, არამედ ჯანსაღად ოპონირებს, სულ მცირე, თვის განმავლობაში, ამის შემდეგ შეიძლება, დაიჯერო, რომ მათ აქვთ შერიგების სურვილი. როდესაც დილით ამბობ შერიგებას და საღამოს მოუწოდებ საზოგადოებას წინააღმდეგობის კერების შექმნისკენ, ბუნებრივია, ეჭვები ჩნდება რამდენად გულწრფელად გინდათ შერიგება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.