სოზარ სუბარი: ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი ვერ იქნებოდა რომ არა ეკონომიკური გუნდის და მთლიანად მთავრობის ძალიან კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა
როდესაც ვლაპარაკობთ ციფრებზე, 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ეს არ არის უბრალოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს ამ შემთხვევაში არის დასაქმებული ადამიანები, მეტი ფული ბიუჯეტში და დღეს ეს ციფრები აქ ბლომად იყო მოყვანილი. როდესაც ლაპარაკია, რომ მიმდინარე წლის 10 თვის ექსპორტმა გადააჭარბა 2019 წლის ექსპორტს, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ნიშნავს თუ რამდენად სწორად მიდის ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი. ეს არის ლარის გამყარების მიზეზიც და საბოლოო ჯამში ის სამუშაო ადგილები, რომელიც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. და ეს ვერ იქნებოდა რომ არა ეკონომიკური გუნდის და მთლიანად მთავრობის ძალიან კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა. და ვერ მოხდებოდა, რომ არა ეკონომიკის მხარდამჭერი პროგრამები, რომელიც ძირითადად თავმოყრილია ორ სამინისტროში,-ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუსმინეს.
სოზარ სუბარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის და იმ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური სვლა დაიწყო. მისივე თქმით, ამის დასტურია 1300-მდე დიდი და მცირე საწარმო, რომლებმაც მინიმუმ 11 ათასი სამუშაო ადგილი შექმნეს. სოზარ სუბარმა ყურადღება გაამახვილა ინვესტიციების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა ჰიდროენერგორესურსების ათვისების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.
„წეღან მოვისმინეთ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, რომ ღია, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი გარემო არის ინვესტიციების სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეფასება, თუმცა ამის მიღმა ჩვენ ალბათ გვჭირდება ახალი და არაორდინალური იდეები იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ.
ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია რამდენად სწორად და კარგად შევძლებთ ჰიდროენერგორესურსების ათვისებას. ამაში მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო ცალკე ვერაფერს გააკეთებს, ეს არის ერთად სამუშაო ჩვენი-პარლამენტი, მთავრობა უნდა ვიყოთ ერთად, თუ გვინდა ეკონომიკა განვითარდეს. ჩვენი ენერგო რესურსების ათვისების გარეშე ვერ განვავითარებთ ვერც ქარის და ვერც მზის ენერგიას, სწორედ დიდი ჰესების აშენება არის ჩვენი უზარმაზარი პოტენციალი და არ შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს ამხელა პოტენციალი და არ გამოვიყენოთ ის. არის სფეროები, სადაც ყველას ძალის ჩადება არის მნიშვნელოვანი და ენერგეტიკა არის სწორედ ასეთ სფერო”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.