მიხეილ სარჯველაძე: ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რითაც ნამდვილად გვაქვს მიზეზი, რომ თავი მოვიწონოთ, არის შედეგი იმ უპრეცენდენტო მხარდაჭერისა, რომელიც ბიზნესს აქვს დღევანდელი ხელისუფლებისგან
ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც დღეისთვის გვაქვს და რითაც ნამდვილად გვაქვს მიზეზი, რომ თავი მოვიწონოთ, რეალურად, ეს არის შედეგი იმ უპრეცედენტო მხარდაჭერისა, რომელიც ბიზნესს აქვს დღევანდელი ხელისუფლებისგან,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუსმინეს.
მიხეილ სარჯველაძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც, მისი შეფასებით, სასურველია მეტი ძალისხმევა იქნას მიმართული.
„პირველი ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებების მიღების პროცესს – მაგალითად, რეგულაციების შეფასების ანალიზის ინსტრუმენტების შემდგომ გაფართოებას. ჩვენი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს, – ეს არის კარგი შესაძლებლობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
პოსტ RIA-ს პროცესის გაფართოება იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მიღებულ კანონებს იმპლემენტაციის პროცესში აუცილებლად ჭირდება დაკვირვება და ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ არ დარჩება გამოუყენებელი შესაძლებლობა, მაგალითად, კანონის სრულყოფის მიმართულებით, თუკი იქნება გარკვეული ინიციატივები.
არის მიმართულება, რომელსაც ჰქვია მიწის პრივატიზების მეტი შესაძლებლობების გაჩენა და ამ მიმართულებით, იგივე სისტემური რეგისტრაციის შესაძლებლობები განსაკუთრებულად გამორჩეული და დასაფასებელია. რაც ალბათ უნდა ვთქვათ, ეს არის გადაფარვების ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც მასიურია, და ეს წლებია, სამწუხაროდ, მომდინარეობს. ეს დაიწყო ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდიდან და იქიდან მოყოლებული, სამწუხაროდ, მასშტაბების გათვალისწინებით, არის მეტად მწვავე და სერიოზული პრობლემა. ვფიქრობ, რომ ამასაც დასჭირდება, ყველა შემთხვევაში, ყურადღების მიქცევა და გარკვეული მიმართულებით წინსვლა.
ასევე, „ნამახვანის” შემთხვევამ აჩვენა საჭიროება, რომ იგივე საკანონმდებლო დონეზეც შემუშავდეს გარკვეული ცვლილებები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, გარკვეული სავალდებულო კომპონენტების შემოტანით პროცედურებში, იგივე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებში, რომ შევქმნათ ისეთი მექანიზმები, რომელიც დაგვაზღვევს იგივე მოქალაქეთა ჩართულობასთან მიმართებაში გარკვეული პრეტენზიებისგან. ახლა ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება, პრაქტიკულად კეთდება, თუმცა, თუ შევქმნით საკანონმდებლო გარანტიებს ასეთი პროცესების წარმართვისთვის, ეს ერთმნიშვნელოვნად კარგი იქნება.
და ბოლოს, მინდა ვთქვა, თუნდაც, იმ ჭრილში, რაზეც ისაუბრეთ, იგივე, ეს ეხებოდა ჯინის ინდექსს, ან იქნება ეს ლორენსის მრუდი თუ ნებისმიერი საზომით, რომლითაც შეიძლება შევაფასოთ, რამდენად სამართლიანად, რამდენად კანონზომიერად ვრცელდება ზოგადად, დოვლათი, აისახება მოქალაქეთა კეთილდღეობაზე. ამ მიმართულებით თუ გვექნება მეტი ადაპტირებული პროგრამები და შესაძლებლობები, მოქალაქეებისთვის, მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იმ პროგრამებზე, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი თქვენს პორტფელში – მნიშვნელოვანია და დარწმუნებით ვამბობ, თუნდაც, ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც დღეისთვის გვაქვს და რითაც ნამდვილად გვაქვს მიზეზი, რომ თავი მოვიწონოთ, რეალურად, ეს არის შედეგი იმ უპრეცედენტო მხარდაჭერისა, რომელიც ბიზნესს აქვს დღევანდელი ხელისუფლებისგან. ეს მართლაც დასაფასებელია, ეს უნდა განივრცოს, კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს თითოეული მოქალაქისთვის. რეალურად, ეს გააჩენს პერსპექტივებს”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.