თინა ბოკუჩავა: მიხეილ სააკაშვილთან განხილვის ერთ-ერთი თემა 21 დეკემბრის აქცია იყო
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა იმყოფებოდა.
მისი თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა პარტიის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია იყო.
„21 დეკემბრის აქცია იყო ჩვენი განხილვის ერთ-ერთი თემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენთვის და ჩვენი მხარდამჭერებისთვის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ მხარდაჭერა პრეზიდენტ სააკაშვილს და, ზოგადად, იმ ბრძოლას, რომელშიც ჩვენ ვართ. თითოეულ ჩვენგანს, განსაკუთრებით, პრეზიდენტ სააკაშვილს, ბუნებრივია, ესმის, რომ ეს ბრძოლა არ არის მისი თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის საქართველოს თავისუფლებისთვის. ვისაუბრეთ გზავნილებზე, პროტესტის შინაარსზე ისევე, როგორც ფორმაზე, თუმცა, კონკრეტულად, ჯერ პრესასთან არ ვისაუბრებ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.