კობა გვენეტაძე – „ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცია კვლავ არ შემცირდება”

????????????????????????????????????

პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილ 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებების შესახებ ისაუბრა.

პარლამენტის ინფორმაციით, მომხსენებელმა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლებზე, მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტებსა და შესაძლო რისკების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც პანდემიის პერიოდში აღნიშნულ მიმართულებებზე ახდენს გავლენას.

მისი განცხადებით, ფასების სტაბილურობის მისაღწევად, ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრიობის რეჟიმს იყენებს, რომელიც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მექანიზმია. ინფლაციაზე გავლენების ფაქტორებზე საუბრისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის, ნავთობისა და სატვირთო გადაზიდვების აშშ დოლარში გამოხატული ფასების მკვეთრი ზრდა საქართველოში იმპორტულ ინფლაციაზე ახდენს გავლენას. მომხსენებელმა მომავალი წლის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მომდევნო წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, რამაც მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება შეიძლება, გამოიწვიოს, თუმცა, მისივე განმარტებით, სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, ფასების კლება უკვე გაზაფხულიდან დაიწყება. “ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცია კვლავ არ შემცირდება. სწორედ ეს იქნება იმის გარანტი, რომ ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული ინფლაცია პერმანენტულ ინფლაციაში არ გადავიდეს”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიუჯეტის დეფიციტზე საუბრისას განაცხადა, რომ 2020-2021 წლებში ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის ძირითადი ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით ხდება, რაც საერთაშორისო რეზერვების ზრდასაც გულისხმობს. ძირითადი მოხსენების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებებს, ბანკის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ინვესტიციებს, ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტორებსა და მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრის საკითხებს შეეხებოდა.

საკითხის განხილვის შემდეგ, პარლამენტმა დადგენილების ფორმით კენჭი უყარა წარმოდგენილ დოკუმენტს და 76 მომხრე, 8 წინააღმდეგით, ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები