კობა გვენეტაძე: დოლარიზაცია თუ შემცირდება 20-25%-მდე, მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება და კარგად დაიცავს ფინანსურ სისტემას სხვადასხვა რისკებისგან
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით,
ნებისმიერი მიუკერძოებელი ფინანსური ორგანიზაციის შეფასებით, დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი დონე არის ყველაზე დიდი მოწყვლადობა, რაც საქართველოს ეკონომიკას და საქართველოს ფინანსურ სისტემას აქვს.
როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ დოლარიზაცია შემცირდეს.
“ნამდვილად არის კარგი შედეგები. მაგალითად, თუ 2015 წელს, როდესაც ლარის გაუფასურება მოხდა, ამას თავის მიზეზები ჰქონდა, 176 ათას ფიზიკურ პირს ჰქონდა აღებული უცხოურ ვალუტაში სესხი, მათ ვეღარ შეძლეს ამ სესხის მომსახურება და ისინი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავარდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დღეს ასეთი მსესხებლები დაახლოებით 75 ათასი არიან. ისინი დღეს უკვე აღარ არიან რთულ სიტუაციაში, ყოველ შემთხვევაში, ამ სიტუაციას გაცილებით რთულად გადაიტანდნენ. აქედან გამომდინარე, ეს არის შეუქცევადი პროცესი. ვერ დავსახავთ გარკვეულ დროს, რადგან სიტუაციას უნდა შევხედოთ. მიზანი არ არის, რომ მაგალითად, 0%-მდე შემცირდეს დოლარიზაცია. ვფიქრობთ, დღევანდელი გადმოსახედიდან 20-25%-მდე თუ შემცირდება, ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება და კარგად დაიცავს ფინანსურ სისტემას სხვადასხვა რისკებისგან“, – განაცხადა გვენეტაძემ.