კელი დეგნანი: პოლიტიკური ჩარევის და პოლიტიკური გასამართლების აღქმაც კი არყევს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი
საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრა კარგი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად სამუშაო პროცესი გრძელდება.
მისივე თქმით, პოლიტიკური ჩარევის და პოლიტიკური გასამართლების აღქმაც კი არყევს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.
„დღევანდელი ღონისძიება არის კარგი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში გრძელდება სამუშაო პროცესი, რათა გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა, გაგრძელდეს ის რეფორმები, რომლებიც ბოლო 15-20 წელიწადში განხორციელდა. ეს არის მაგალითი, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა შეიკრიბა, რათა მოხდეს აზრთა გაცვლა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. აქ არიან მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები, რომლებიც დღეს იკრიბებიან, რათა განიხილონ, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ დროული მართლმსაჯულება სასამართლო მოსმენების გზით და ეს პროცესი არ გაჭიანურდეს.
პოლიტიკური ჩარევისა და პოლიტიკური გასამართლების აღქმაც კი არყევს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი ზოგადად და, ცხადია, კონკრეტული საქმეების შედეგების ნდობაზეც. მე იმედი მაქვს, რომ ნებისმიერ საქმეზე კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილიაციისა ან ბიზნესთან ასოცირებისა. ბევრი თავდადებული მოსამართლე მუშაობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რათა დაიცვას კანონის სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. აშშ მართლმსაჯულების სისტემის ამ წარმომადგენლებს დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს, ისევე როგორც ზოგადად ძალისხმევას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. მე იმედი მაქვს, რომ კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა ადამიანის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილიაციისა ან ბიზნეს კონტექსტისა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.