რიაბკოვი: ნატო-ში გაწევრიანების თავისუფლება არ შეიძლება, იყოს “აბსოლუტური”
ნატო-ს წევრები ამტკიცებენ, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს, როგორ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, მაგრამ კავშირებში გაწევრიანების თავისუფლება არ შეიძლება, იყოს “აბსოლუტური”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა “იზვესტიასთან” ინტერვიუში.
მისი განმარტებით, გაერთიანებებში გაწევრიანების თავისუფლება არ უნდა მოხდეს სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე, ამიტომ, უნდა არსებობდეს მკაფიო ჩარჩო და ორმხრივი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები.
“აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოების საკითხი ევროატლანტიკურ სივრცეში ერთ-ერთი სერიოზულია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ნატო-ს ყოვლისმომცველმა გაფართოებამ დაგვანახა, რომ დასავლეთის მიღწევები, დაპირებები და ვალდებულებები – იურიდიული ფორმის გარეშე არაფრად ღირს. საბჭოთა და შემდეგ რუს ლიდერებს არაერთხელ უთხრეს, რომ ნატო-ს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით არ მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ საპირისპირო ვითარებას.
ნატო-ს წევრები ამტკიცებენ, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს, როგორ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება – სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში გაწევრიანების ჩათვლით. მაგრამ მინდა, ხაზი გავუსვა: კავშირებში გაწევრიანების თავისუფლება არ შეიძლება, იყოს აბსოლუტური. ასეა ადამიანთა საზოგადოებაში: ინდივიდის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ის ხელყოფს სხვის თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, უნდა არსებობდეს მკაფიო ჩარჩო და ორმხრივი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ამიტომ, ფორმულირება გაერთიანებებში გაწევრიანების თავისუფლების შესახებ ყოველთვის აბალანსებს ფრაზებს, რომ ეს არ უნდა მოხდეს სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე. ასე იყო და რჩება, მაგალითად, ეუთო-ში”, – თქვა რიაბკოვმა.
მისი თქმით, ნატო-ს გაფართოება დიდი ხნის წინ შევიდა ძალიან მკვეთრ წინააღმდეგობაში სწორედ ამ პოსტულატთან.
რიაბკოვმა გააფრთხილა ის ქვეყნები (აღმოსავლეთ ფლანგზე, სავარაუდოდ, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა), რომლებიც ნატო-სკენ მიისწრაფვიან, რომ ამ გარემოებაში ალიანსში წევრობა მათ უსაფრთხოებას არ გაზრდის, მათთვის სავალალო შედეგი იქნება.
“ჩვენი ოპონენტების ყურადღებას, როგორც ნატო-ს წევრების, ისე ქვეყნების, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები, მაგრამ იქ მიისწრაფვიან, ურყევად გავამახვილებთ იმაზე, რომ შეუძლებელია ორივეს შეთავსება. ამიტომ, ნატო-ს შემდგომი გაფართოება არ უნდა მოხდეს. იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს, რუსეთს აქ ვეტოს უფლება არ აქვს – არის უვარგისი საშუალებების გამოყენების მცდელობა. ჩვენს პოზიციაზე ვიდგებით: თუ ოპონენტები საწინააღმდეგოდ მოიქცევიან, დაინახავენ, რომ მათი უსაფრთხოება ამით არ გაძლიერდება, მათთვის სავალალო შედეგები იქნება”, – განმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.