„ჩინეთი ფართო და საინტერესო ბაზარია ქართული ღვინისთვის“ – ღვინის კომპანია „დოესი ესთეითი“ CIIE 2025-ზე

საქართველოს ღვინის სექტორის წარმომადგენლები შანხაიში მიმდინარე China International Import Expo (CIIE) 2025-ს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმად მიიჩნევენ, რომელიც ქართული ღვინის პოპულარობასა და ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს.

მათი შეფასებით, ჩინური ბაზარი სწრაფად მზარდია და დიდი შესაძლებლობებს ქმნის როგორც ბრენდის ცნობადობის, ისე – კომერციული გაფართოებისთვის.

„მოლოდინები დიდი გვაქვს. უკვე გავიცანით ბევრი ადგილობრივი წარმომადგენელი – სუპერმარკეტების, რესტორნების და ონლაინ პლატფორმების მენეჯერები. გვინდა, ეს კონტაქტები გადაიზარდოს მოლაპარაკებებსა და საბოლოოდ, პარტნიორობაში. გამოფენას სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები, იმედი გვაქვს, რომ ახალი პარტნიორების მოზიდვას შევძლებთ და გავაფართოებთ ჩვენს ბიზნესს. – აცხადებს ნიკოლოზ ძაძამია, „დოესი ესთეითის“ წარმომადგენელი.

5-10 ნოემბერს, შანხაიში მიმდინარეობს საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა – China International Import Expo (CIIE), სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.

წელს ღონისძიებაში მონაწილეობს 40-მდე ქართული კომპანია, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, ასეულობით ათას ვიზიტორს გააცნონ ქართული პროდუქცია, შექმნან ახალი ბიზნესკავშირები და ხელი შეუწყონ ექსპორტის ზრდას.

საქართველო China International Import Expo-ზე უკვე მერვედ მონაწილეობს. ღვინის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, დაინტერესება ქართული ღვინით ყოველწლიურად მატულობს – როგორც გემოს მრავალფეროვნების, ისე ქართული მეღვინეობის უნიკალური კულტურის გამო.

China International Import Expo-ზე წელს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.

შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.

 

 

————————————————–

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები