“შანხაის გამოფენაში მონაწილეობა ქართველი მეღვინეებისთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ ადგილი დაიმკვიდრონ ჩინეთის ბაზარზე” – ქართული ღვინის კომპანია China International Import Expo 2025-ზე

“ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა – China International Import Expo (CIIE) ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ჩინურ ბაზარზე პოზიციების განმტკიცებისთვის”, – ამის შესახებ კომპანია Wine guards-ის წარმომადგენელმა, ნინი გოგიბერიძემ განაცხადა, რომლის კომპანიის პროდუქცია შანხაის მასშტაბურ გამოფენაზე მერვედ არის წარმოდგენილი.

გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უწევს ორგანიზებას.

სასურსათო პროდუქციას და ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, მათ შორის, ქართულ ღვინოს შანხაის გამოფენაში საქართველოს ერთი პავილიონი მთლიანად აქვს დათმობილი.

ნინი გოგიბერიძის მოსაზრებით, შანხაის გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო საშუალებაა ქართველი მეღვინეებისთვის, რომ თავი წარადგინონ და დაიმკვიდრონ ადგილი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზარზე.

„გამოფენა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, უამრავი ვიზიტორი გვყავს. ვცდილობთ, სტუმრებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის მეღვინეობა და ტრადიციები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვფიქრობთ, რომ წელსაც აუცილებლად გავიჩენთ ახალ პარტნიორებს“, – აღნიშნა კომპანია Wine guards-ის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ შანხაიში მიმდინარე საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენას China International Import Expo (CIIE), სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი, 40-მდე ქართული კომპანია ესწრება, რაც მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია ასეულობით ათას ვიზიტორს წარუდგინონ და ახალი ბიზნესპარტნიორები მოიზიდონ.

საქართველო China International Import Expo (CIIE)-ზე უწყვეტად, უკვე მერვედ მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები