ანტონ ფურცელაძის მემორიალურ სახლში სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და სტუმრებისთვის სამი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს
კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ანტონ ფურცელაძის მემორიალურ სახლში ღონისძიება გაიმართა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტისა და მთარგმნელის, ანტონ ფურცელაძის, დროებით საოკუპაციო ხაზთან, სოფელ არბოში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომლის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2024 წელს დაასრულა ხელოვნების ფესტივალი ,,გზავნილი მშვიდობას“ გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია სტუდია ARTVISION.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მოწვეული სტუმრებისთვის სამი დოკუმენტური ფილმის: „ნიკოს გზა“, „ხელოვანი თუ ხელოსანი“ და „ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში “ ჩვენება მოეწყო.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის ხელმძღვანელი ლელა ბარამაშვილი, ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი ირინე საბაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მომავალში ანტონ ფურცელაძის მემორიალურ სახლში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.