არმაზ ახვლედიანი: ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობას მომავალში ჰყავდეს მინისტრი, რომელიც წასვლის კულტურას სხვას ასწავლის

უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე კულტურის, ახალგახზრდობისა და სპორტის მინისტრის გამოსვლის შეფასებისას ის დრო გაიხსენა, როდესაც 2013 წელს „ქართულ ოცნებაში” ახალმისული თეა წულუკიანს უზიარებდა თავის წუხილებს.

„მე ორმაგად ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს თქვენთვის. ვწუხვარ იმიტომ, რომ კარგად მახსოვს რა იდეალებს ემსახურებოდით, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საკმაოდ წარმატებულად მუშაობდით.

ასევე კარგად მახსოვს, როცა ჩვენ აქ გადავიკვეთეთ თბილისში პოლიტიკურ სარბიელზე და დავადასტურებ, რომ თქვენ იყავით იმ ორ ადამიანს შორის, ვისთვისაც შემეძლო გამეზიარებინა ჩემი წუხილი, უკვე 2013 წლის ივნისის თვეში მე ახალმისულს „ქართულ ოცნებაში” იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემი მაშინდელი ვარაუდით შესაძლოა გადაზრდილიყო დიდ პრობლემაში და შევსულიყავით ჩიხში.

ამდენად მინიმუმ უხერხულად მეჩვენება თქვენგან ახლა ამ თემებზე შთაგონების მოსმენა.

ალბათ არ ღირს დეტალების გახსენება, არ მინდა, რომ საჯაროდ გამოვიტანო თუნდაც ჩვენი პრივატული საუბრები, ეს არ იქნება სწორი. მაგრამ ერთს გეტყვით გულახდილად, რომ მე არ მემეტება საქართველო იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელსაც არ შეუძლია სხვისი გათვალისწინება.

ვაცლავ ჰაველი გარდაცვალების წინ წერს არაჩვეულებრივ პიესას, რომელსაც ქვია „წასვლა”, მერე გაბედავს რეჟისორობასაც კი, რომ გადაიღოს ეს ფილმი და გვეუბნება ჩვენ, მის შემდეგ დარჩენილებს, რომ წასვლის კულტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

და მე ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობას მომავალში ჰყავდეს მინისტრი, რომელიც წასვლის კულტურას სხვას ასწავლის, როცა დროა, საჭიროა, იმის გაბედულება გვეყოს, რომ ვთქვათ არა, როცა ვხედავთ ასეთ უმსგავსობას”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები