“რუსეთზე არის ზეწოლა, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება არავის მიერ არ იქნება მიღებული” – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მარგარეტა სედერფელტის განცხადებით, ეუთო მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.
როგორც სედერფელტიმ პირველ არხს განუცხადა, მინისტერიალზე დარღვევებთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ არის ზეწოლა, სხვა ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება არ იქნება მიღებული და ეწინააღმდეგება საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგს.
„ვფიქრობ, ეუთო ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან აქ ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება, ისევე როგორც ორგანიზაციების პირველი პირები. ეს ნიშნავს, რომ აქ არის ბევრი პოლიტიკოსი. ვფიქრობ, ყველაფერი არის დამოკიდებული დიალოგსა და კომუნიკაციაზე, ასევე, ეუთო-ს ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემაზე. ჩვენ არ გვაქვს სანქციების ისეთივე შესაძლებლობა, როგორც ევროკავშირს, ჩვენ ვიყენებთ დიალოგს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ჩვენ შეგვიძლია დარღვევებთან დაკავშირებული თემების წამოწევა. როგორც ხედავთ, ეს ხდება მინისტერიალზე, ამ კუთხით რუსეთზე არის ზეწოლა, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება არავის მიერ არ იქნება მიღებული. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ეს საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგთან მოდის წინააღმდეგობაში, რაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობისთვის პრიორიტეტია“, – განაცხადა მარგარეტა სედერფელტიმ.