თამარ გაბუნია: ხვალ გვეცოდინება, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი “ბუსტერ” დოზის ვადის შემცირებას
“დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს “ბუსტერ” დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი “ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია.
„ვაქცინაციის საბჭოზე განხილულ იქნა „მწვანე საშვის“ ამოქმედების საკითხი, ასევე, იქნა განხილული ახალ ვარიაციასთან – ე.წ. ომიკრონის შტამთან დაკავშირებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება და ის, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა, მათ შორის, „ბუსტერ“ დოზების გამოყენების საკითხი იმისთვის, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს. გარდა იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე დაცვის ღონისძიებების გამოყენება აუცილებელია, ასევე, ხაზგასმით იქნა აღნიშნული ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების და „ბუსტერ“ დოზების გამოყენების მნიშვნელობა. დეტალურად, დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია და ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებს, რაც ხვალისთვის უკვე მზად იქნება”, – განაცხადა გაბუნიამ.