რა ელით ობიექტებს, რომლებიც „მწვანე პასპორტის“ კონცეფციას არ დანერგავენ – შრომის ინსპექციის განმარტება

რა სანქციებია გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბიზნესობიექტი „მწვანე პასპორტის“ კონცეფციას არ დანერგავს და საკუთარ სივრცეში იმ პირებს შეუშვებს, რომლებსაც „მწვანე სტატუსი“ არ აქვთ – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

მისივე თქმით, შრომის ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ობიექტებზე არიან გასულები და ისინი დღეს, ძირითადად, სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმებებს ახორციელებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის 322-ე დადგენილებაზე ზედამხედველობას შრომის ინსპექცია სხვა ზედამხედველ ორგანოებთან ერთად ახორიციელებს. ეს უწყებებია: სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, საპატრულო პოლიცია. მონიტორინგის პროცესს ჩვენ მათთან ერთად განვაგრძობთ. დღესაც შრომის ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ობიექტებზე არიან გასულები. დღეს ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმებებს ვახორციელებთ, რადგან აღნიშნული აპლიკაცია სიახლეა და კიდევ ერთხელ ბიზნესსუბიექტებს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილზე ვაწვდით.

რაც შეეხებათ ობიექტებს, რომლებიც რეგულაციების შესრულებაზე უარს განაცხადებენ და თავიანთ ობიექტებზე „მწვანე სტატუსის“ მქონე მოქალაქეების შეშვებას არ დანერგავენ, მათთვის დადგენილებით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით შესაბამისი სანქციაა გათვალისწინებული. სანქცია ფიზიკური პირის შემთხვევაში არის 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 10 000 ლარის ოდენობით. ასევე, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, იმ ობიექტების საქმიანობა შეაჩეროს, რომლებიც აღნიშნული რეგულაციის შესრულებაზე უარს განაცხადებენ.
კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ბიზნესსუბიექტებს, დაიცვან რეკომენდაციები, დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ასე წარმართონ სამუშაო პროცესი, რათა ჩვენ პრევენციული ღონისძიებების სრულად გატარება შევძლოთ“, – განაცხადა მიქაიამ.

მისივე თქმით, ობიექტზე „არამწვანე სტატუსის“ მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა დაწესებულებას ეკისრება.

„რეგულაციები განსაზღვრულია ობიექტებისთვის. შესაბამისად, კონტროლი ამ მიმართულებით ობიექტებმა უნდა განახორციელონ, რომ თავიანთ სივრცეში „მწვანე სტატუსის“ მქონე ადამიანები დაუშვან. ძირითადი პასუხისმგებლობა იმ ობიექტებისაა, რომელთა მიმართაც აღნიშული ვალდებულებია განსაზღვრული“, – განაცხადა მიქაიამ.

მანვე განმარტა, თუ როგორ უნდა მოიპოვოს „მწვანე სტატუსი“ მოქალაქემ.

„როგორც იცით, 1 -ლი დეკემბრიდან საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რაც იმას გულისხმობს, რომ გარკვეული კატეგორიის საქმიანობების ობიექტებს საქმიანობის გაგრძელების უფლება მხოლოდ იმ პირობით შეუძლიათ, რომ ისინი მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე მომხმარებლებს უნდა მოემსახურონ. ეს საქმიანობებია: კვების ობიექტები, სასტუმროები, ფიტნესები, აუზები, სპა ცენტრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, კაზინოები, თეატრები, კინო. მათ უკვე დღეიდან აქვთ ვადლებულება, მომსახურეობა მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე მომხმარებლებს გაუწიონ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოიპოვოს „მწვანე სტატუსი“ მომხარებელმა. არის რამდენიმე ჩამონათვალი, რომელთაგან მოქალაქე, როცა ერთ-ერთს აკმაყოფილებს, მას უკვე „მწვანე სტატუსი“ აქვს. ეს კრიტერიუმებია: მოქალაქე სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს, 72 საათის განმავლობაში ჩატარებული უნდა ჰქონდეს ვალიდური PCR ტესტი , 24 საათის განმავლობაში ჩატარებული უნდა ჰქონდეს ანტიგენ ტესტი, ასევე გადატანილი უნდა ჰქონდეს კოვიდი.

რაც შეეხებეთ პირებს, რომლებიც „მწვანე ბარათის“ ქონისგან გათავისუფლებულები არიან: ესენი არიან არასრულწლოვნები, 18 წლამდე პირები და ასევე ობიექტზე დასაქმებულები.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მივიღოთ ინფორმაცია და სად გავიაროთ რეგისტრაცია: ესაა covidpass – ის საიტი, სადაც ჩვენი მონაცემები უნდა შევიყვანოთ, შემდეგ კი ის მომხარებლის სტატუსთან დაკავშირებით ინფორმაციას გვაძლევს, არისვთუ არა ის „მწვანე სტატუსის“ მატარებელი. ასევე, შექმნილია მეორე აპლიკაცია, Georgia e-health. რომელი 49 ქვეყანასთანაა ინტეგრირებული. საქართველოს მოქალაქე როდესაც საზღვარგარეთ იმყოფება, შეუძლია, ამ QR კოდით ისარგებლოს და ის 49 ქვეყანაშია ვალიდური“, – განაცხადა მაია მიქაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში „მწვანე პასპორტი“ დღეიდან ამოქმედდა.

მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები