ეკა სეფაშვილი ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა, ინტერნეტ მმართველობის ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თემატური სესიის „დეზინფორმაცია: გამოწვევები საქართველოს ინტერნეტ სივრცეში“ ფარგლებში მან მონაწილეებს მოხსენებით მიმართა, სადაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტის როლზე ისაუბრა. ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა ამ სფეროში ცვლილებების აუცილებლობას, რათა თანამედროვეობის ახალ მოთხოვნებს და გამოწვევებს ადეკვატურად გაეცეს პასუხი. მისი თქმით, ცვლილებების მომზადების პროცესი ფართოდ ინკლუზიური იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე მედია საშულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსებული ყოველწლიური კონფერენციაა, რომელსაც დღეს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სფეროდან.
ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia). ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. ფორუმის ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ასევე ფორუმის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).
ფორუმი ყოველწლიურად 200-მდე ადამიანს აერთიანებს და თავს უყრის ინტერნეტ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტებს, კერძო კომპანიებს, აკადემიურ წრეებსა და ახალგაზრდული სექტორის მონაწილეებს.
ფორუმი მრავალმხრივი პლატფორმაა ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით წლის განმავლობაში წამოჭრილი აქტუალური საკითხებისა და პროექტების განსახილველად.