გიორგი ვოლსკი: არანაირად არ ველოდებოდი სააკაშვილისგან ბოდიშსა და მონანიებას
არანაირად არ ველოდებოდი ბოდიშსა და მონანიებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ ჩართვისას სააკაშვილის დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ დესტაბილიზაციის გეგმა შესატყვისია იმ გამონათქვამებთან, რაც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„არანაირად არ ველოდებოდი ბოდიშსა და მონანიებას, არანაირ ფიქრს იმასთან დაკავშირებით, რომ წინ სახელმწიფო ინტერესების თემა წამოწიოს და პირადი და სახელმწიფო ინტერესების გამიჯვნა არ მოხდებოდა. ამაზე კომენტარი არაერთხელ გამიკეთებია, ეს მხოლოდ დემაგოგია არ იყო. ეს იყო, გარკვეულწილად, პიროვნული გამოვლინება იმ თემისა, რასაც ჰქვია შეუცდომელი სააკაშვილი, დავით აღმაშენებელი, ჯორჯ ვაშინგტონი. ეს არის ფსიქოტიპი, რომელსაც გარკვეულწილად სხვაგვარად არ ძალუძს. თუმცა, ამის უკან კიდევ არის ბევრი სხვა რამ, რასაც ჰქვია ეროვნული ინტერესების არა თუ დაცვა, არამედ – ეროვნული ინტერესების გაყიდვა.
ის, რომ ექვსი სახელმწიფოს ლიდერები იყვნენ 12 აგვისტოს, არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ აგვისტოს პერიოდამდე მას მთელი რიგი დანაშაულები არ ჰქონდა ჩადენილი სახელმწიფოს წინაშე, ანდა მთელი რიგი ნაბიჯები არ ჰქონდა გადადგმული იმ მიზნით, რომ რუსეთის ფედერაციას აგრესია განეხორციელებინა და ესოდენ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნისთვის მიეღწია“, – განაცხადა ვოლსკიმ.